Monday, May 2, 2011

„პეჟოს“ კონცეპტუალური EX1 ნურბურგრინგის რეკორდსმენია

Peugeot's EX1 Concept Breaks the Electric Car Record on the Nurburgring

2 მაისი

დიდი ხანია, რაც ლეგენდარულ გერმანულ ტრეკ ნურბურგრინგის ჩრდილოურ მარყუჟზე რბოლები აღარ ტარდება, თუმცა ავტოდრომის ამ მონაკვეთზე სარბოლი და სპორტული ავტომობილები მუდმივად დაქრიან. მათი პატრონების მიზანს, ეგრეთ წოდებულ სატრეკო დღეებში, საკუთარი სიამოვნება და, რა თქმა უნდა, სხვების ჯობნა წარმოადგენს. ამ ფერხულში კი დიდი ავტომწარმოებლებიც არიან ჩაბმულნი, რომლებიც თავიანთი სპორტული და სხვა ტიპის ავტომობილებით, ნორთშლაიფზე (ტრასის ამ გრძელ მონაკვეთს ხშირად მწვანე ჯოჯოხეთსაც უწოდებენ) კონკურენტების მიერ ნაჩვენები დროის გაუმჯობესებას ცდილობენ.

ახლახანს „პეჟომ“ მწვანე ჯოჯოხეთს სწორედ ამ მიზნით მიაკითხა. ოღონდ, იქ თავისი ელექტრული კონცეპტუალური მოდელი - EX1 გამოიყვანა, რომელიც პირველად შარშან, პარიზის ავტო შოუს დროს გვიჩვენა. ვიზიტის მიზანი, ელექტრომობილების რეკორდის გაუმჯობესება იყო და ამ ამოცანას „ლომებმა“ ადვილად გაართვეს თავი.

მათმა ელექტრულმა როდსტერმა, რომლის საჭესაც სტეფან კელე უჯდა, თითქმის წუთით გააუმჯობესეს წინა რეკორდი, რომელიც შარშან „მინის“ სარბოლ ელექტრომობილს დაუმყარებია. 208-კილომეტრიანი წრე EX1-მა 9 წუთსა და 01.338 წამში გაიარა. მისმა საშუალო სიჩქარემ კი 138.324 კმ/სთ შეადგინა. უფრო მეტიც, ფრანგული კომპანია ირწმუნება, რომ მათმა ელექრომობილმა სარეკორდო გარბენი „ძალიან არახელსაყრელ მეტეოპირობებში“ შეასრულა. შედარებისთვის, „მინის“ ელექტრომობილის შარშანდელი რეკორდი 9 წუთსა და 51.45 წამს შეადგენდა.

„პეჟო EX1“ ორი ელექტროძრავითაა აღჭურვილი, რომლებიც წინა და უკანა ღერძებს ემსახურება. ამგვარად, ელექტრომობილი სრულამძრავიანია. თითოეული ძრავი 170 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და მათი ჯამური პიკური სიმძლავრე 340 ცხენის ძალას, მაქსიმალური მომენტი კი 240 ნიუტონმეტრს აღწევს. ძრავები ენერგიას დიდი ტევადობის ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკისგან ღებულობენ.

ავტომობილი კარბონის კომპოზიტისგან დამზადებულ მონოკოკს ეყრდნობა, რომელიც სიმსუბუქით და სიმტკიცით გამოირჩევა. კარბონის კომპოზიტისგანვეა დამზადებული ავტომობილის ტანი, რომლის სიმაღლე სულ რაღაც, 0.90 მეტრი, სიგანე კი 1.77 მეტრია. ამგვარად, მას ჰაერის შემხვედრი ნაკადისადმი მცირე წინააღმდეგობა აქვს.

სხვათა შორის, ამ ავტომობილმა შარშან ელექტრომობილების სხვა რეკორდებიც გააუმჯობესა - ჩინეთის ქალაქ ჩინჰუს აეროდრომზე, ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარე 3.49 წამში აკრიფა. არადა, „პეჟოს“ ოფიციალურ რელიზში აღნიშნულია, რომ სტანდარტული აჩქარებისთვის EX1-ს 3.6 წამი სჭირდება, ადგილიდან 260 კმ/სთ-ს ასაკრეფად კი 6.6 წამი ჰყოფნის.

No comments:

Post a Comment