Sunday, May 15, 2011

„ფოლკსვაგენის“ დიდ ოჯახს ჩინელი წევრი შეემატა

Volkswagen to make electric cars in China with FAW

15 მაისი

„ფოლკსვაგენმა“ და ჩინურმა საავტომობილო კომპანია FAW-მა (ფირსტ აუტომობილ უორკს) ერთობლივი საწარმო ჩამოაყალიბეს, რომლის სახელია „კაილი“ და რომლის მთავარი დანიშნულებაც, ჩინური ბაზრისთვის ელექტრომობილების წარმოებაა. ამგვარად, გერმანული კომპანია კიდევ ერთი უცხოელი ავტომწარმოებელია, რომელმაც ჩინელ პარტნიორთან ერთად, ცისქვეშეთის ბაზარზე სამოქმედოდ, სპეციალურად ჩამოაყალიბა ახალი კომპანია. მანამდე იგივე „ნისანმა“, „მერსედეს ბენცმა“, „ჰონდამ“ და „ჯენერალ მოტორსმა“ გააკეთეს, მალე კი მათ „ტოიოტაც“ მიბაძავს.

ჩინეთში ადგილობრივი კომპანიების მონაწილეობით, ერთობლივი საწარმოების შექმნას, ქვეყნის მთავრობა ახალისებს, რისთვისაც სპეიალური შეღავათებია დაწესებული. ბუნებრივია, ამ შეღავათებით წარმოება, ჩინური ბაზრის უცხოელ ლიდერებს სურთ და ისინი ამისათვის შესაბამის ნაბიჯებს დგამენ.

„ფოლკსვაგენი“ რომელიც ევროპის უდიდესი ავტომწარმოებელია და მსოფლიო ლიდერობასაც ეშურება, ჩინური ბაზრისთვის ელექტრომობილების წარმოებას 2013 წელს დაიწყებს. შესაძლოა, ეს იყოს „ბორა ბლიუ-e-მოუშნის“ ბაზაზე შექმნილი ელექტრომობილი, ავტომობილისა, რომლის კონცეპტუალური ვერსიაც, ვოლფსბურგელებმა შარშან, გუანჟოუს მოტორ შოუზე, „ლავიდას“ (ფოტოზე) სახელით წარადგინეს. სხვათა შორის, ჩინეთში „ფოლკსვაგენს“ კიდევ ერთი ძლიერი პარტნიორი ჰყავს SAIC-ის სახით, რომელთან ერთადაც, ასევე ერთობლივი სამომავლო გეგმები აქვს. „ლავიდას“ შექმნაში, SAIC-ის სპეციალისტებიც მუშაობდნენ.

ცნობისათვის, შარშან ჩინეთის მტავრობამ შეღავათების საცდელი სისტემა გამოაქვეყნა, რომლითაც იმ მყიდველების წახალისებას ისახავს მიზნად, რომლებიც ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილის შეძენას ამჯობინებენ. ეს სისტემა ჯერ მხოლოდ ხუთ დიდ ქალაქში იმოქმედებს, თუმცა მომავალში, მთელს ქვეყანაზე გავრცელდება.

რაც შეეხება სხვა კომპანიებს, რომლებიც ჩინელ პარტნიორებთან ერთად, ელექტრომობილების წარმოებას მალე დაიწყებენ: „ჯენერალ მოტორსმა“ იმავე SAIC-თან ერთად, „შევროლე საილ-ის“ ელექტრონული ვერსია მოამზადა და მალე მის წარმოებას შეუდგება. „ნისანს“ ჩინური კომპანია „დონფენი“ შეუამხანაგდა, რომელთან ერთადაც, ცენტრალური ჩინეთის ქალაქ დონფენში, თავის ელექტრომობილ „ლიფის“ გამოშვებას დაიწყებს.

ჩინეთთან დაკავშირებით, სერიოზული გეგმები „დაიმლერსაც“ აქვს, რომლის პარტნიორიც არის ჩინური BYD. ეს უკანასკნელი ლითიუმ-იონური ელემენტების წარმოებაზეა სპეციალიზებული და მას საავტომობილო ბიზნსში ისეთი სერიოზული პარტნიორი ჰყავს, როგორიც ამერიკელი მილიარდერი უორენ ბაფეტია. ესენიც ახალი ბრენდის ჩამოყალიბებას აპირებენ, რომელიც ელექტრომობილების წარმოებას 2013 წელს დაიწყებს.

No comments:

Post a Comment