Sunday, May 15, 2011

„ჰიუნდაი i40“ - ჟენევიდან ბარსელონამდე

Hyundai Reveals i40 Sedan in Barcelona

15 მაისი

ჟენევის წლევანდელ საავტომობილო შოუზე, „ჰიუნდაიმ“ უნივერსალისძარიანი i40 წარადგინა, გავიდა ორ თვეზე ცოტა მეტი და ბარსელონას მოტორ შოუს დამთვალიერებელმა, ამავე ავტომობილის სედანისძარიანი ვერსია იხილეს. ეს ავტომობილი ევროპული ბაზრისთვისაა განკუთვნილი, ძველი კონტინენტისვე D სეგმენტს შეესაბამება და ის კორეული კომპანიის რიუსელსჰაიმის (გერმანია) ტექნიკურ ცენტრშია შემუშავებული. რა თქმა უნდა, მისი შექმნისას, ევროპელი მყიდველის გემოვნება და მოთხოვნებია გათვალისწინებული.

სედანი i40 „ჰიუნდაის“ კორპორატიულ სტილშია შესრულებული, რომელიც „ფლუიდიკ სკულპჩას“ (თხიერი სკულპტურა) სახელითაა ცნობილი. ავტომობილის გაბარიტებია: სიგრძე 4 740 მილიმეტრი, ბორბლებს შორის ბაზა 2 770 მილიმეტრი. რაც მთავარია, სედანს ფართე სალონი აქვს. კერძოდ, მისი სავარძლების ძირიდან ჭერამდე მანძილი 1 025 მილიმეტრია, მხრების დონეზე სალონის სიგანე 1 455 მილიმეტრი, ფეხებისთვის განკუთვნილი სივრცის სიგრძე კი - 1 170 მილიმეტრი. კორეული კომპანია სიამაყით აცხადებს, რომ ყველა ამ პარამეტრით, საშუალო ზომის სედანების კლასში, i40 ლიდერთა შორის იქნება.

ჯერჯერობით, ახალი ავტომობილისთვის, რომელმაც ძველი „სონატა“ უნდა შეცვალოს, ბენზინის და დიზელის ორ-ორი ძრავია გათვალისწინებული. ბენზინის ძრავებიდან, ერთის მუშა მოცულობა 1.6 ლიტრია და ის 135 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, მეორე კი 2.0-ლიტრიანია და მისი მაქსიმალური სიმძლავრე 177 ცხენის ძალას აღწევს.

მეორე ძრავით, როცა მასთან 6-საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი იქნება შეწყვილებული, ავტომობილს ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის ასაკრეფად 9.7 წამი დასჭირდება. სამაგიეროდ, შერეული ციკლით მოძრაობისას, 100 კილომეტრის გასავლელად, მას 6.8 ლიტრი ბენზინი ეყოფა, ყოველ კილომეტრზე კი ატმოსფეროში 159 გრამ ნახშირორჟანგს გამოუშვებს.

რაც შეეხება დიზელის აგრეგატებს, ორივეს მუშა მოცულობა 1.7 ლიტრია. მათგან ერთის სიმძლავრე 115, მეორისა კი 136 ცხენის ძალაა. ამათგან უფრო სუსტი, სისტემა სტოპ-სტარტისა და მუხრუჭების ენერგიის რეკუპერაციის სისტემის დახმარებით, უფრო ეკონომიურიცაა. კერძოდ, ასი კილომეტრის გასავლელად, ამ ძრავით აღჭურვილ i40-ს 4.3 ლიტრი საწვავი ჰყოფნის, ატომოსფეროში კი (ყოველ კილომეტრზე) მხოლოდ 113 გრამ ნახშირორჟანგს გამოჰყოფს.

„ჰიუნდაი“ ვარაუდბს, რომ წლიურად 60 000 ცალ i40-ს გაჰყიდის. ამასთან, გაყიდული ავტომობილების დაახლოებით 65 პროცენტი, დიზელისძრავიანი იქნება. ავტომობილი ასევე უამრავი დამხმარე სისტემით აღიჭურვება, რომლებიც მის პასიურ უსაფრთხოებას მოემსახურება. ესენია: ABS, ESP, აღმართში დამხმარე, მუხრუჭების დამხმარე, მანქანის სტაბილურობის სამართავი და სხვა სისტემები. უსაფრთხოებასვე 9 აირბალიში უზრუნველყოფს.

სედან i40-ის წარმოება წლის ბოლოს დაიწყება და მისი ფასიც მაშინ გამოცხადდება. სავარაუდოდ, მის პირველ ეგზემპლარს, „ჰიუნდაის“ ქართველი დისტრიბუტორი, კომპანია „ჰიუნდაი ავტო ჯორჯია“, ამ წლის ბოლოსვე შემოიტანს, მის გაყიდვებს კი მომავალი წლიდან შეუდგება.

No comments:

Post a Comment