Sunday, June 5, 2011

ელექტრული „როლს როისი“ მოიცდის
Phantom 102EX to Spawn No Electric Rolls Royce Yet
5 ივნისი

„როლს როისმა“ რომ ჟენევის წლევანდელ ავტო შოუზე, სედან „ფანტომის“ ბაზაზე დამზადებული ელექტრომობილი (102EX) გვიჩვენა, ბევრმა ჩათვალა, რომ თანამედროვე ავტოინდუსტრიის ტრენდს მალე ლიმუზინების მწარმოებლებიც შეუერთდებოდნენ, თუმცა მაშინვე კომპანიამ გამოაცხადა, რომ ეს მხოლოდ მას შემდეგ მოხდება, რაც მარკეტოლოგები ამ სიახლისთვის ბაზრის მზადყოფნას გამოიკვლევდნენ.
მაგრამ ახლახანს, ინგლისური კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა ტორსტენ მიულერ-ოეტვომ განაცხადა, რომ ბაზარი „როლს როისის“ ელექტრომობილისთვის ჯერ მზად არაა და რომ ჟენევაში წარმოდგენილი პროექტი ცოტა ხნით, შეჩერდება. და ამის მიზეზი სულაც არაა ის, რომ მყიდველი ამ ავტომობილისთვის მზად არაა. უბრალოდ, გუდვუდში გადაწყვიტეს, რომ ასეთი მანქანის გამოშვებას ჯერ აზრი არ აქვს, რადგან კომპანიას ის ხარჯის მეტს არაფერს მოუტანს.

კომპანიის შეფმა, ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება შემდეგი არგუმენტით ახსნა: „როლს როისის“ მყიდველთა უმეტესობა, ქალაქიდან შორს ცხოვრობს, რაც სერიოზული პრობლემაა, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ თანამედროვე აკუმულატორები დიდი ტევადობით არ გამოირჩევა და მანქანას ერთი დამუხტვით, მცირე მანძილის გავლის საშუალებას აძლევს. ამიტომ, ელექტრული „როლსი“ მყიდველს ნაკლებად მიიზიდავს.
„როლს როის 102EX-ის“ შესახებ: ის ორი ელექტროძრავითაა აღჭურვილი, რომლებთანაც თითოსაფეხურიანი ტრანსმისიაა დაკავშირებული. ძრავების ჯამური სიმძლავრე 389 ცხენის ძალა, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 800 ნიუტონმეტრია. ნიკელ კობალტ მანგანუმის აკუმულატორების წონა 640 კილოგრამს აღწევს, მათი ტევადობა კი 200 კილომეტრის გავლის საშუალებას იძლევა. სწრაფად დამმუხტავის გამოყენებით, აკუმულატორების სრულად შევსებას 8 საათი სჭირდება, ნელი დამმუხტავით იგივე ოპერაცია კი 20 საათში სრულდება. ამ აგრეგატებით აღჭურვილი ელექტრული გიგანტი ადგილიდან 100 კმ/სთ-ს 8 წამში ავითარებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 201 კმ/სთ-ია.

დაბოლოს, მიულერ-ოეტვოს თქმით, აკუმულატორების ფაქტორის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე უმჯობესია, თუ „როლსი“ ჰიბრიდულ ავტომობილს დაამზადებს, რომელშიც ამძრავ ძალას ავტომობილს ისევ ელექტროძრავი მიანიჭებს, სვლის სიშორის გასაზრდელად კი ავტომობილი შიდაწვის ძრავისა და გენერატორის ტანდემით აღიჭურვება, რომელიც ელექტროენერგიას, ავტომობილის მოძრაობისას გამოიმუშავებს.

No comments:

Post a Comment