Friday, July 15, 2011

„სპადა კოდატრონკა მონცა“ - სიჩქარისთვის შექმნილი

Spada unveils Codatronca Monza roadster in all its glory
15 ივლისი

ამ ავტომობილს უცნაური ისტორია აქვს. არა იმიტომ, რომ უცნაურად გამოიყურება. მისი გარეგნობა არაფერ შუაშია. უბრალოდ, მისი ორიგინალი საავტომობილო მედიამ ჯვარს აცვა, გადაკეთებულმა ვერსიამ კი დიდი მოწონება დაიმსახურა.
ორიგინალური კუპე „კოდატრონკა“ იტალიელი დიზაინერების, მამა-შვილი ერკოლე და პაოლო სპადას ნამუშევარია. ეს ავტომობილი მათმა კომპანია „სპადამ“, სამიოდ წლის წინ წარუდგინა საზოგადოებას და დაცინვა არა, მაგრამ საკმაოდ არასასურველი გამოხმაურება კი მიიღო. ერკოლეს, ვინც ერთ დროს „ძაგატოში“ მუშაობდა, საკმაოდ უცნაური შესახედაობის ავტომობილი გამოუვიდა, რომელიც „ალფას“ 60-იანი წლების კუპეების შთაგონებით შეიქმნა. უცნაური კი ისაა, რომ ეს მანქანა რაღაცით ძველ „შევროლე კორვეტსაც“ მოგაგონებდათ, „ლამბორგინისაც“ და „ვარსკვლავეთის ომების“ პერსონაჟ დართ ვეიდერის ჩაფხუტსაც.
რა თქმა უნდა, ასეთი ავტომობილით ბიზნესი არ გამოვიდა, რის გამოც, საქმეში დიზაინზე სპეციალიზებული კიდევ ერთი იტალიური კომპანია - „აზნომი“ ჩაერთო. მათ ერთობლივად შეიმუშავეს „კოდატრონკას“ ღია ვერსია, როდსტერი სახელად „კოდატრონკა მონცა“, რომლის პრემიერაც, მდიდარი საზოგადოების წინაშე, მონაკოში (სპეციალიზებულ გამოფენა ტოპ მარკსზე) შედგა, სადაც ის დამსწრე საზოგადოებას მხოლოდ დაანახეს, ტექნიკური ინფორმაცია კი რამდენიმე თვით, საიდუმლოდ შეინახეს. და აი, ახლახანს ამ ავტომობილის შესახებ ინფორმაცია ინტერნეტითაც გავრცელდა.
როდსტერი წინიდან ისევ კუპეს ჰგავს, თუმცა მაინც უფრო დახვეწილი და აგრესიულია. ამას ალბათ ის ფაქტიც განაპირობებს, რომ მას საქარე მინა (პრინციპში) არც აქვს. ამ ელემენტისგან პატარა ნაწილია დარჩენილი, რომელსაც აეროდინამიკური ფუნქცია პრაქტიკულად დაეკარგა. რაღა თქმა უნდა, ავტომობილს არც საყრდენები აქვს, პილოტს (ასეთი მანქანის საჭესთან მჯდომს უბრალოდ მძღოლი როგორ უნდა უწოდო) და მის ერთადერთ მგზავრს კი, მანქანის გადაბრუნების შემთხვევაში, სავარძლის უკან არსებული მძლავრი რკალები იცავს.
„კოდატრონკა მონცას“ შასი ალუმინის ფურცლებისგანაა შეკრული, ძარა კი კარბონის კომპოზიტით დამზადდა. ორივე მასალა ავტომობილის სიმსუბუქეს განაპირობებს - ის 1 180 კილოგრამს იწონის. შესანიშნავი მაჩვენებელია, თუ გავითვალისწინებთ, რომ მის ბაზაში უზარმაზარი, 7.0-ლიტრიანი V8 ძრავია მოთავსებული. იტალიურმა კომპანიამ ეს ძრავი „შევროლე კორვეტისგან“ აიღო. აგრეგატს მექანიკური დამჭირხნი ემსახურება, რომლის დახმარებითაც 710 ცხენის ძალას და 950 ნიუტონმეტრს ავითარებს. ამ მონსტრთან 6-საფეხურიანი მექანიკური კოლოფია დაკავშირებული. მათი შესაძლებლობები კი საკმარისია იმისათვის, რომ „მონცამ“ ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარე 3 წამში აკრიფოს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 335 კმ/სთ-ს აღწევს.
რა თქმა უნდა, ასეთი მონაცემების მქონე ავტომობილი, შესაფერისი დამხმარე მოწყობილობითაცაა აღჭურვილი. ესაა „ბრემბოს“ მუხრუჭები, „OZ რეისინგის“ ბორბლები და მათზე ჩაცმული „პირელის“ საბურავები (Pზერო კორსა), რომლებსაც GT3 სარბოლი კლასის ავტომობილებზე იყენებენ. ბორბლებსა და შასის შორის კავშირს ABS-ის საკიდარი უზრუნველყოფს, რომელიც ასევე GT3-ის სპეციფიკაციის შესაბამისადაა დამზადებული.
„კოდატრონკა მონცა“ სადემონსტრაციო ავტომობილია, თუმცა „სპადა“ გვპირდება უფრო მეტის დამზადებას აპირებს. ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამის შეკვეთებს მიიღებს. ამასთან, „მონცას“ ბაზაზე შეიმუშავებს „ბარკეტას“ ტიპის მოდელს, რომელშიც უფრო მეტი ყურადღება მიექცევა კომფორტს. გემოვნებაზე არ დაობენ, მაგრამ ძნელი წარმოსადგენია, ამ ავტომობილის შეძენის მსურველს გული ოდნავ მაინც დასწყდეს იმაზე, რომ მისი მართვისას, თავს სარბოლი ავტომობილის კოკპიტში იგრძნობს და არა ძვირფასი ტყავით გაწყობილ მდიდრულ მანქანაში...

No comments:

Post a Comment