Saturday, July 16, 2011

50 „შევროლე ვოლტი“ ნიუ იორკის პოლიციისთვის

NYPD Adds 50 Chevrolet Volt to EV Fleet
16 ივლისი
ნიუ იორკის პოლიციის დეპარტამენტი ცხოვრების „ჯანმრთელ სტილზე“ გადადის - თავის საავტომობილო პარკს ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილებით აახლებს. ამგვარად, პოლიცია ქალაქის ეკოლოგიას მნიშვნელოვნად შეეწევა და რაც ალბათ უფრო მნიშვნელოვანია, პროპაგანდას გაუწევს ელექტრომობილებს.

დეპარტამენტს 70 ახალი ავტომობილის შეძენა აქვს გადაწყვეტილი და ყველა მათგანს ელექტროძრავი ამოძრავებს. ამათგან 50 პლაგ-ინ ჰიბრიდი „შევროლე ვოლტია“, 10-10 კი მსგავსი სისტემით აღჭურვილი სატვირთო ვენი „ფოდ ტრანზიტ კონექტი“ და ელექტრული პიკაპი „ნავისტარ eსტარია“. სულ დღეისათვის ნიუ იორკის პოლიციის დეპარტამენტის განკარგულებაში 430 ავტომობილია.
სხვათა შორის, ნიუ იორკი ისედაც გამოირჩევა აშშ-ში ელექტრომობილების ყველაზე დიდი პარკით, ამ შევსებით კი ის უფრო გაფართოვდება და სხვებისთვის მაგალითის მიმცემი გახდება. თითოეული „ვოლტი“ წლიურად დაახლოებით 4 000 გალონ (დაახლოებით 15 000 ლიტრ) ბენზინს დაზოგავს, რაც დაახლოებით 15 000 დოლარის ტოლფასია.
ელექტრომობილების დამუხტვის გასაადვილებლად, ქალაქის ხელისუფლებამ 70 დასამუხტი სადგური ააშენა, რაშიც მას ენერგიის დეპარტამენტი დაეხმარა. ნიუ იორკის მუნიციპალიტეტს იმედი აქვს, რომ ამ წამოწყებით, რამდენიმე დადებით ეფექტს მიიღებს.
ჯერ ერთი, საზოგადოება ქალაქის ქუჩებში ხშირად ნახავს ელექტრომობილს და ამგვარად, მის ცნობიერებაში აღიბეჭდება ის ფაქტი, რომ ასეთი ავტომობილები ექსპლუატაციაში ისევე მოსახერხებელია, როგორც ჩვეულებრივი, შიდაწვისძრავიანი ავტომობილები. თანაც, ყველასათვის თვალსაჩინო გახდება ელექტრომობილებით სარგებლობის ეკონომიკური ეფექტი. მეორეც, რაც მეტი ელექტრომობილი ივლის ნიუ იორკის ქუჩებში, ქალაქის ატმოსფერო გამონაბოლქვით მით ნაკლებად დაბინძურდება.
შეგახსენებთ, რომ „შევროლე ვოლტი“ აღჭურვილია 16 კილოვატსაათი ტევადობის მქონე ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკით, რომლის ტევადობაც საკმარისია იმისათვის, რომ ავტომობილმა 60 კილომეტრი გაიაროს. შემდეგ კი საქმეში ერთვება მცირელიტრაჟიანი შიდაწვის ძრავისა და გენერატორის ტანდემი, რომლის წყალობითაც, სვლის სიშორე 550 კილომეტრამდე იზრდება.

No comments:

Post a Comment