Friday, July 29, 2011

„ტოიოტა“ „პრიუსის“ ჰიბრიდულ ოჯახს ჩამოაყალიბებს

Toyota Prius Coupe Coming in 2014
29 ივლისი
„ტოიოტა“ თავისი ჰიბრიდული „პრიუსის“ ბაზაზე, „მწვანე“ ავტომობილების მტელს ოჯახს შექმნის და ასე განსაჯეთ, მათთვის ცალკე სადილერო ქსელსაც კი განავითარებს. მათ შორის პირველი, შვიდადგილიანი უნივერსალი „პრიუს პლიუსი“ იქნება, რომელიც „ტოიოტას“ შოურუმებში მერმისს გამოჩნდება. სამი წლის შემდეგ კი კუპე „პრიუსის“ ჯერიც დადგება. კუპესთან ერთად, ბაზარზე ასევე სედანის ძარიანი და კომპაქტური „პრიუსიც“ გამოვა.

პარალელურად „ტოიოტას“ თავისი ჰიბრიდების დიზაინის დახვეწა აქვს გადაწყვეტილი - ამ სეგმენტში მალე კონკურენციის არნაულად გაძლიერებაა მოსალოდნელი და დახვეწილი გარეგნობის გარეშე, ასეთ გარემოში გაძლება ისეთ ძლიერ მოთამაშესაც გაუჭირდება, როგორიც „პრიუსია“.
ამ მხრივ, ნამდვილი გარღვევა იქნება კომპაქტური „პრიუსი“, რომელიც კონცეპტუალური „პრიუს С-ს“ (ფოტოზე) სტილში შესრულდება. უფრო სწორედ, კონცეპტუალური ავტომობილი, კონვეიერზე მინიმალური გარეგნული ცვლილებებით გადაინაცვლებს. ამ ჰიბრიდის გაბარიტების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ის „ჰონდას“ ჰიბრიდული „ინსაითის“ და CR-Z-ის კონკურენტი უნდა გახდეს.
სხვა მხრივ, კომპაქტური C, „პრიუსების“ ოჯახში ყველაზე ეფექტური ავტომობილი გახდება, რაშიც მას ხელს მცირე გაბარიტები და სიმსუბუქე შეუწყობს. მის ჰიბრიდულ სისტემაში, ელექტროძრავი და ბენზინის 1.5-ლიტრიანი ძრავი შევა, რომელთა მონაცემებიც ჯერჯერობით არ ქვეყნდება. არსებობს ვარაუდი, რომ „პრიუს C“, ახლანდელ „პრიუსზე“ თითქმის ორჯერ ეკონომიური ავტომობილი იქნება და 100  კილომეტრს ის დაახლოებით 3.5 ლიტრი საწვავით გაივლის.
„ტოიოტა“ დიდ სიურპრიზს ამზადებს კუპე „პრიუსის“ სახით. გავრცელებული ინფორმაციით, ის შემდეგი თაობის „ლექსუს GS-ის“ პლატფორმას დაეყრდნობა. ეს იქნება პლაგ-ინ ჰიბრიდული ავტომობილი, რომელშიც ენერგიის დასაგროვებლად, ლითიუმ-იონურ აკუმულატორებს გამოიყენებენ. რა ექნება ამ მანქანას სასიურპრიზო, ამაზე ჯერ იაპონელები არაფერს ამბობენ. სამაგიეროდ, ისინი ადასტურებენ, რომ შემუშავების ფაზაშია უგზოობის „პრიუსიც“, რომელსაც ბაზარი უკვე ოთხი წელია, მოუთმენლად ელის, თუმცა მისი გამოჩენა კიდევ ოთხი წელი, მოსალოდნელი არაა.

No comments:

Post a Comment