2012 Ferrari To Be Very Different - Tombazis
28 ივლისი
„ფერარის“ მთავარი ინჟინერი ნიკოლას ტომბაზისი (ფოტოზე) ამბობს, რომ მომავალი სეზონის მანქანა ახლანდელისგან ძლიერ განსხვავებული იქნება. გუნდი აღიარებს, რომ მანქანის შემუშავებისას, თამამი გადაწყვეტების აგრესიულ დანერგვას მოისაკლისებს, რისი შედეგიც ისაა, რომ ბოლო წლებში, გუნდი სეზონს ყოველთვის მდევრის რანგში იწყებს.
ყველაფერი ყოფილ ტექნიკურ დირექტორ ალდო კოსტას დაბრალდა, რომელიც ჯერ საინჟინრო შტაბის ხელმძღვანელის პოსტს ჩამოაშორეს, შემდეგ კი თავად გადაწყვიტა „სკუდერიადან“ წასვლა. ახლა მის ადგილზე ბერძენი ინჟინერი მუშაობს, რომელიც ამბობს, რომ წინა წლებში დაშვებული შეცდომების გათვალისწინებას ეცდება.
ტომბაზისი ამბობს, რომ მომავალი სეზონისთვის, ახლანდელი მანქანის ბევრი ნაწილი ძირეულად შეიცვლება. ამასთან, ის დასძენს, რომ ის არ იქნება არც F150-ის მოდერნიზებული ვერსია და არც ცარიელი ფურცლიდან შექმნილი მანქანა.
„ცვლილებები გაცილებით მნიშვნელოვანი იქნება, ვიდრე წინა წლებში. ამასთან, მინდა განვაცხადო, რომ ახალი მანქანა არც წლევანდელის ევოლუციური ვერსია იქნება და არც სრულიად ახალი“, - ესპანურ „ას-თან“ და ბრაზილიურ „გლობო ეშპორტესთან“ საუბრისას განაცხადა ტომბაზისმა.
თუმცა ის დასძენს, რომ ძალიან ძნელია გუნდის რესურსების იმგვარად გადანაწილება, რომ შესაძლებელი იყოს ახლანდელი მანქანის მოდერნიზების პროცესის შენარჩუნება და პარალელურად, ახლის შემუშავებაც. საქმეს ის გარემოება ართულებს, რომ F150-ის განვითარებისთვის, გუნდი ჩასაბერ დიფუზორზე მუშაობს, მაგრამ ეს ელემენტი მომავალი სეზონიდან აიკრძალება.
„გუნდი თავისი რესურსების ნაწილს წლევანდელი მანქანის მოდერნიზებაზე მიმართავს, რადგან გვინდა, რომ სეზონის დასრულებამდე, კიდევ რამდენიმე რბოლა მოვიგოთ. სამწუხაროდ, მომავალი სეზონიდან ზოგიერთი ელემენტის გამოყენების უფლება აღარ გვექნება, მაგრამ უფრო მეტი დარჩება. ასე რომ, ყველაფერი ეს ახლავე უნდა გავითვალისწინოთ და ჩვენი შესაძლებლობები ორ სეზონზე უნდა გადავანაწილოთ“, - ამბობს ტომბაზისი.
No comments:
Post a Comment