Friday, August 26, 2011

”მერსედესმა” ახალი B-კლასი გაგვაცნო


Mercedes Officially Unveils the New B-Class MPV
25 აგვისტო
ასე თუ გაგრძელდა, ფრანკფურტის მოტორ შოუს გახსნამდე, მისი ყველა ექსპონატის შესახებ ინფორმაცია გვეცდონრბა და შოუს დროს ”გავლილი გაკვეთილების” გამეორება მოგვიწევს. ყოველ შემთხვევაში, შოუს მონაწილეები, თავიანთ კონცეპტუალურ და სერიულ მოდელებს ისეთი გულმოდგინებით გვაცნობენ, შეიძლება იფიქროთ, ამათ გაუგიათ, შოუ აღარ ჩატარდება და რაც იქ უნდა ეჩვენებინათ, ინტერნეტით გვაცნობენ.

ისე კი, კომპანიებს უკვე ტრადიციად ჩამოუყალიბდათ ასეთი სულსწრაფობა და ამას მყარი მარკეტინგული მიზეზი აქვს - ოფიციალურ პრემიერამდე მწირი ინფორმაციის და ფოტო ტიზერების გავრცელებით, ისინი თავიანთი სიახლისადმი საყოველტაო ინტერესს აღვივებენ. ასეა ”მერსედესის” შემთხვევაშიც, რომელმაც მეორე თაობის B-კლასის ტიზერების გავრცელება ჯერ კიდევ ზაფხულამდე დაიწყო. და აი, ფრანკფურტის შოუს დაწყებამდე სამი კვირით ადრე, შტუტგარტელებმა ახალი B-კლასი თავიდან ფეხებამდე გაგვაცნეს.
ახალი A-კლასისგან განსხვავებით, რომლის წარმოებაც მოგვიანებით დაიწყება, ავტომობილი ისევ მოდულურ, ეგრეთ წოდებულ ”სენდვიჩ” პლატფორმას ეყრდნობა. ამასთან, ის წინამორბედზე დიდია. B-კლასი 86 მილიმეტრით დაგრძელდა, 9 მილიმეტრით გაგანიერდა და 43 მილიმეტრით დადაბლდა. უფრო კონკრეტულად კი, მისი ზომებია: სიგრძე 4 359, სიგანე 1 786 და სიმაღლე 1 557 მილიმეტრი. რა თქმა უნდა, გაბარიტების ზრდა, სალონში სივრცის მომატებასა და კომფორტის გაუმჯობესებაში აისახა.
შტუტგარტელები ირწმუნებიან, რომ მათი ახალი ავტომობილი სპორტული გარეგნობით გამოირჩევა, თუმცა უკეთესი იქნებოდა ეთქვათ, რომ მას აეროდინამიკურად დახვეწილი ფორმა აქვს. ამაზე მისი აეროდინამიკური წინააღმდეგობის კოეფიციენტიც მეტყველებს, რომელიც 0.26-ია (ავტომობილის ეკო პაკეტით აღჭურვის შემთხვევაში, 0.24).
თუ ავტომობილის გარე დიზაინი პირველი B-კლასის განვითარებაა, ინტერიერი სუფთა ფურცლიდან შეიქმნა. ის სამქიმიანების ახალ სტილშია შესრულებული და ზოგიერთი ისეთი ელემენტიც მიიღო, რომლებიც სუპერ ავტომობილ SLS AMG-ზე შეიძლება ნახოთ. ”მერსედესი” ირწმუნება, რომ ახალი ავტომობილი, თავის კლასში მისაბაძი იქნება. ასე განსაჯეთ, მყიდველს სალონის ტყავით გაწყობის საშუალებაც კი მიეცემა.
სალონში სასიამოვნო სიახლეა რეგულირებადი უკან სავარძლები. ისინი შეიძლება 140 მილიმეტრით წინ, ან უკან გაიწიოს. შესაბამისად, საბარგულის მოცულობა 488-დან 667 მილიმეტრამდე იზრდება. უფრო მეტიც, სავარძლების დაკეცვის შემთხვევაში, საბარგულის მოცულობა თითქმის ორმაგდება.
შტუტგარტელთა განცხადებით, ახალი ავტომობილი, მის წინამორბედზე ტემპერამენტიანი და მანევრულია. თანც, ეს ისე გაკეთდა, რომ კომფორტი არ გაუარესებულიყო. ამის მისაღწევად, სიმძიმის ცენტრი დაბლა დასწიეს, უკანა საკიდარს 4-4 საწევარი აქვს, მოდიფიკაცია ჩაუტარდა სისტემა ESP-ს (სტაბილურობის ელექტრული პროგრამა). მყიდველს შეუძლია სტანდარტულზე ხისტი და 20 მილიმეტრით დადაბლებული საკიდარის შერჩევა. ასევე ოპციის სახით შემოგთავაზებენ საჭის თვითრეგულირებად მექანიზმს, რომელიც მოსახვევის კუთხის ზრდის პარალელურად, უფრო ინფორმატიული ხდება.
ძრავების არჩევანი დიდია. გამაში შედის ბენზინის და დიზელის აგრეგატები, რომელთა სტანდარტულ ეკიპირებაშიც, სისტემა სტოპ/სტარტი შედის. ბენზინის ახალი, ოთხცილინდრიანი ძრავები (სერია M270) საწვავის უშუალოდ წვის კამერაში მიწოდების მესამე თაობის სისტემებითაა აღჭურვილი. ბენზინის ძრავი 1.6-ლიტრიანია და ის ფორსირების ორი ხარისხით მზადდება. მოდელი B180 ამ ძრავის 122-ცხენისძალიანი (200 ნიუტონმეტრი) ვერსიით აღიჭურვება, B200 კი - 156-ცხენისძალიანი (250 ნმ) ვერსიით.
იგივე სიტუაციაა დიზელის აგრეგატების შემთხვევაშიც. ძრავი ორია, ორივეს ტურბოკომპრესორი ემსახურება და ორივეს მოცულობა 1.8 ლიტრია. მოდელი B180 CDI 109-ცხენისძალიანი (250 ნმ) ვერსიით აღიჭურვება, B200 CDI კი - 136-ცხენისძალიანით (300 ნმ).
და, კიდევ ერთი სიახლეა ძალიან კომპაქტური, 7-საფეხურიანი ავტომატური კოლოფი (7G-DST), რომელსაც ძრავთან ორდისკოიანი ქურო აკავშირებს. თუმცა მას მყიდველს ოპციის სახით შესთავაზებენ. სტანდარტულ ეკიპირებაში კი 6-საფეხურიანი მექანიკური კოლოფი შედის, რომელიც შემცირებული წონით და საფეხურების გაადვილებული გადართვით გამოირჩევა.

No comments:

Post a Comment