Wednesday, August 3, 2011

ფრანკფურტში „ფორდს“ ოთხი მსოფლიო პრემიერა ექნება

Ford to Show Four World Premieres in Frankfurt
3 აგვისტო
ახლოვდება ფრანკფურტის საერთაშორისო მოტორ შოუ და ინტერნეტით სულ უფრო მეტი ინფორმაცია ვრცელდება იმ ავტომობილებზე, რომლებსაც შოუს დღეებში ვიხილავთ. თუმცა, მწარმოებლები სრულფასოვან გაცნობას შოუს დღეებისთვის ინახავენ, ამ ეტაპზე კი მთავარი საინფორმაციო სატყუარა ფოტო ტიზერებია.

დღეს ფორდმა თავისი ტიზერი გამოაქვეყნა, რომელსაც ინფორმაციად მოაყოლა, რომ ფრანკფურტში მის პავილიონში ოთხ მსოფლიო პრემიერას ვიხილავთ. მათ შორის იქნება ერთი დიზაინერული კონცეპცია, რომელიც სავარაუდოდ, ახალი კორპორატიული სტილის მაცნე უნდა გახდეს. ამ ავტომობილზე არანაირი სხვა ინფორმაცია არ ვრცელდება.
მეორე დებიუტანტია „ფოკუსის“ შემდეგი თაობის სპორტული მოდიფიკაცია. დიდია ალბათობა იმისა, რომ ეს იქნება „ფოკუს ST“, რომელსაც ბაზარი უკვე დიდი ხანია ელის. ამ მანქანის კონცეპტუალური ვერსია ცისფერმა ოვალმა შარშან, პარიზის შოუზე გვიჩვენა და ამდენად, ამ ავტომობილზე დაახლოებითი წარმოდგენა შეიძლება ვიქონიოთ. „ფორდი“ აცხადებს, რომ ეს გლობალური მოდელია და მსოფლიოს ყველა ბაზარზე, ცვლილებების გარეშე გაიყიდება.
სავარაუდოდ, ახალ „ფოკუს ST-ზე“ აღარ გამოიყენებენ ძველ ხუთცილინდრიან 2.5-ლიტრიან T5 ძრავს, რომელიც „ვოლვოს“ ინჟინრების მიერაა შემუშავებული და 225 ცხენის ძალას ავითარებს. მის ნაცვლად, კაპოტქვეშ მოთავსდება სერია „ეკობუსტის“ ოთხცილინდრიანი 2.0-ლიტრიანი აგრეგატი, რომლის მაქსიმალური სიმძლავრეც 247 ცხენის ძალას მიაღწევს. ამ აგრეგატით, ავტომობილი რეალურ კონკურენციას გაუწევს „ფოლკსვაგენ გოლფ GTI-ს“ და „რენო მეგან RS-ს“.
მესამე დებიუტანტი შეიძლება იყოს კონცეპტუალური „ვერატრეკის“ სერიული ვერსია. ეს არის უგზოობის კომპაქტური ავტომობილი, რომელმაც ერთდროულად ორი პოპულარული მოდელი - ევროპული „კუგა“ და ამერიკული „ისკეიპი“ უნდა შეცვალოს. და მეოთხე იქნება „ფიესტას“ ყველაზე მძლავრი ვერსია - „ფიესტა ST“.
ცალკე უნდა ითქვას „ფორდის“ ფრანკფურტულ პავილიონზე. ის ამ გამოფენის ისტორიაში ყველაზე დიდი იქნება. მასში მოთავსდება დახურული და ღია მოედნები, რომელთა ფართობიც შესაბამისად, 3 200 და 2 800 კვადრატული მეტრი იქნება. ღია მოედანზე, დამთვალიერებელს შესაძლებლობა მიეცემა, გამოსცადოს პარკირების აქტიური დამხმარე სისტემა, ასევე სისტემა, რომელიც მცირე სიჩქარით მოძრაობისას, შეჯახების თავიდან არიდებაში დაგეხმარებათ.

No comments:

Post a Comment