Tuesday, August 2, 2011

„ბეემვე“ წინაამძრავიან ავტომობილს ამზადებს

New BMW Family Activity Sports Tourer Scooped, gets Front-Wheel Drive
2 აგვისტო
არცთუ დიდი ხნის წინ, „ბეემვეს“ სამოდელო გამაში შემავალი ავტომობილების ჩამოსათვლელად, ერთი ხელის თითებიც კმაროდა. გასული საუკუნის ბოლომდე, ბავარიელები მხოლოდ მე-3, მე-5 და მე-7 სერიის ავტომობილბს, იშვიათად კი, მცირესერიულად, სპორტულ მოდელებსაც აწარმოებდნენ.

დღეს სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა - „ბეემვე“ უგზოობის მოდელებსაც აწარმოებს და უკვე ორივე ხელი გჭირდებათ მისი მოდელების ჩამოსათვლელად. მაგრამ მალე ესეც არ იქნება საკმარისი, რადგან ჯერ ერთი, გერმანული კომპანია მალე დაიწყებს ელექტრომობილების და ჰიბრიდების წარმოებას, რისთვისაც ცალკე სუბ-ბრენდი (i) ჩამოაყალიბა. პარალელურად კი მისი ინჟინრები კიდევ ერთ, სრულიად ახალ ავტომობილზე მუშაობენ, რომელიც შენიღბული სახით, უკვე გადის საგზაო გამოცდებს.
ახალი ავტომობილი ჰეჩბეკია, რომელსაც წინა წამყვანი ბორბლები აქვს და რომელსაც ბავარიელები ჯერჯერობით FAST-ად (ფემილი ექტივიტი სპორტს ტურერ - საოჯახო სპორტული მოგზაური) მოიხსენიებენ. შესაძლოა, ეს იყოს პირველი სერიის ახალი ვერსია - მიკროვენი ან რამე ამის მსგავსი. ამ ავტომობილის შესახებ ცნობილია მხოლოდ ის, რომ ბავარიელები მისთვის სახელის შერჩევას დიდი მონდომებით ცდილობენ. ეს კი ნიშნავს, რომ მათს სამოდელო გამაში შეიძლება მალე სახელიანი მოდელი გამოჩნდეს და არა ნომრებიანი, როგორებსაც მიჩვეულნი ვართ. სხვა თუ არაფერი, ეს მათი პირველი წინაამძრავიანი ავტომობილი იქნება და რახან ერთი ტრადიცია (ბეემვე აქამდე მხოლოდ უკანაამძრავიან მანქანებს უშვებს) ირღვევა, მეორის დარღვევაც გაადვილდება.
ფოტოდან (რომელიც ინტერნეტ გამოცემა ქარსკუპის ფოტომსტოვრებმა მოიპოვეს) ჩანს, რომ კამუფლაჟი თავის დანიშნულებას პირნათლად ასრულებს, თუმცა ზოგი დეტალის გარკვევა მაინც შესაძლებელია. ავტომობილი ხუთკარიანია და საკმაოდ მაღალია. მას მინვენის შესახედაობა აქვს და არაა გამორიცხული, რომ ბაზარზე „მერსედეს ბენცის“ B-კლასს გაუწიოს კონკურენცია.
ავტომობილის საფუძველი უახლესი UKL1 პლატფორმა უნდა იყოს, რომელსაც პირველად ახალი თაობის „მინისთვის“ გამოიყენებენ. ახალი ავტომობილის ძრავების გამაში უახლესი, 1.5-ლიტრიანი სამცილინდრიანი ტურბოაგრეგატიც შევა, რომელსაც ბენზინის და დიზელის ვერსიები ექნება.
სავარაუდოდ, FAST-ი პირველად საზოგადოების წინაშე ოფიციალურად მერმისს, რომელიმე ავტო შოუზე წარსდგება, კომპანიის დილერთა შოურუმებში კი ის ალბათ 2013 წელს გამოჩნდება.

No comments:

Post a Comment