Monday, August 8, 2011

„აუდი“ ელექტრონულ მინიავტომობილს ცდის

Audi ‘E1’ e-tron Concept
8 აგვისტო
„აუდის“ ფრანკფურტის საავტომობილო შოუსთვის სენსაციური სიახლე აქვს მომზადებული, რომელიც ამჟამად კამუფლირებული სახით, ბერლინის ქუჩებში გადის ტესტირებას. ინტერნეტ გამოცემა „მოტორაუტორიტის“ რეპორტიორმა სწორედ იქ გადაუღო ეს ფოტოები, როცა ორადგილიანი მინი ავტომობილი ვიდეოგადაღებებში მონაწილეობდა.
გამოცემის ფოტორეპორტაჟში ავტომობილი „E1 E-ტრონად“ არის მოხსენიებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ელექტრომობილია. გავრცელებული ვარაუდით, ავტომობილს ორი ელექტროძრავი ამოძრავებს, რომლებიც ენერგიას ლითიუმ-იონური აკუმულატორების ბლოკისგან ღებულობენ. ამასთან, შესაძლებელია ავტომობილის პლაგ-ინ ჰიბრიდული სისტემით აღჭურვა, რომელშიც 0.8-ლიტრიანი ტურბოდიზელი და 48-ცხენისძალიანი ელექტროძრავი შევა.
სხვათა შორის, ადრე არსებობდა ვარაუდი, რომ „აუდი“ E1-ს „ფოლკსვაგენის“ კონცეპტუალური Up!-ის ბაზაზე დაამზადებდა, მაგრამ ინგოლშტადტელთა შეფრა რუპერტ შტადლერმა განაცხადა, რომ მისი კომპანია Up!-ის ვერსიას არ გამოუშვებს. სამაგიეროდ, დაადასტურა, რომ „აუდი“ მცირე ზომის ქროსოვერს გამოუშვებს, რომელიც გერმანული კომპანიის სამოდელო გამას გახსნის.
ბერლინში „გამოჭერილი“ სატესტო ავტომობილი ორადგილიანია და მასში მეორე, მგზავრის ადგილი, მძღოლისას უკანაა მოთავსებული. ამჯერად ალბათ „ფოლკსვაგენის“ კიდევ ერთი კონცეპტუალური ავტომობილი გაგახსენდებოდათ, რომელსაც საავტომობილო სამყარო ჯერ L1-ის სახელით იცნობდა, რამდენიმე თვის წინ კი ის XL1-ის სახელითაც, უფრო რეალური ავტომობილის სახით გაგვაცნეს. ძნელი სათქმელია, დაუტოვებს თუ არა „აუდი“ თავის პატარა ელექტრომობილს ღია ბორბლებს. თუ არ დაუტოვებს, მაშინ ის ძალიან დაემსგავსება XL1-ს.
თუმცა, ამ მარჩიელობას ალბათ ისა სჯობს, ფრანკფურტის მოტორ შოუს გახსნას დაველოდოთ, რომელზეც ინგოლშტადტელები ყველაფერს უფრო დაწვრილებით მოგვიყვებიან. მანამდე კი ბერლინში გადაღებული ფოტოების თვალიერებით შევიქციოთ თავი...

No comments:

Post a Comment