Sunday, August 7, 2011

ბატონი ტიტულისთვის ბრძოლას გააგრძელებს

Button determined to continue push for title
7 აგვისტო
ჯენსონ ბატონი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონატის ლიდერ სებასტიან ფეტელთან ბევრი ქულა აშორებს, ტიტულისთვის ბრძოლას მაინც ბოლო შანსამდე აპირებს. ბრიტანელმა პილოტმა ამ სეზონში თავისი მეორე გამარჯვება ახლახანს, უნგრეთში მოიპოვა, მაგრამ ფეტელმა ფინიშის ხაზი მეორემ გადაკვეთა, რაც საკმარისი გამოდგა იმისათვის, რომ უახლოეს მდევართან უპირატესობა გაეზარდა.

ბატონი ჩემპიონატის ლიდერს 100 ქულით ჩამორჩება. მსოფლიოს 2009 წლის ჩემპიონი აღიარებს, რომ ახლა მისთვის ტიტულისთვის ბრძოლა ძალიან ძნელი გამოწვევაა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ დანებებას აპირებს: „სებასტიანთან 100 ქულა მაშორებს და ეს ძალიან ბევრია. ამიტომ, მისი დაწევა ურთულესი ამოცანაა. მაგრამ ჩვენ გვიყვარს ძნელი გამოწვევები. მე არასდროს ვნებდები. ასე რომ, ვნახოთ, რა მოხდება. ყველა რბოლას ისე მივუდგები, როგორც გადამწყვეტს, ქულებს კი სეზონის ბოლოს დავითვლი“.
ბატონი ამბობს, რომ აღფრთოვანებულია „მაკლარენის“ მიერ ბოლო რამდენიმე რბოლაში მიღწეული პროგრესით, რამაც მის პილოტებს ზედიზედ ორი რბოლის მოგების საშუალება მისცა: „რბოლაში ჩვენ ძალიან სწრაფები ვიყავით. არა მგონია, ჩვენს, „რედ ბულსა“ და „ფერარის“ შორის დიდი განსხვავება იყოს. თუმცა სტატისტიკას თუ გადავხედავთ ვნახავთ, რომ ბოლო ხუთი ეტაპიდან, სამი ჩვენ მოვიგეთ, ჩვენმა მეტოქეებმა კი - თითო. ასე რომ, ჩვენ სწორი მიმართულებით ვვითარდებით. გერმანიასა და უნგრეთში მოპოვებული გამარჯვებები მეტყველებს, რომ ჩვენ თავს არ ვზოგავთ“.
საბრძოლო განწყობა არც მის თანაგუნდელ ლუის ჰამილტონს აკლია, ვინც ასევე აპირებს ჩემპიონობისთვის ბრძოლას. თუმცა ბატონი დარწმუნებულია, რომ მასზე მეტ ქულას მოაგროვებს: „სეზონის ბოლომდე, მაქსიმუმ კიდევ 200 ქულაა მოსაპოვებელი. ყოველ რბოლას იმ რწმენით დავიწყებ, რომ მათი მოგება შემიძლია. რამდენიმე განსაკუთრებულ ტრასაზე მოგვიწევს ასპარეზობა, როგორებიცაა სპა, მონცა, სუძუკა და ინტერლაგოსი. ესენი ჩვენს სპორტში გამორჩეული ტრასებია, რომელთა ისტორიასაც ყოველ ნაბიჯზე გრძნობ. ამ ტრასებზე, სამი თითქმის გუნდი თითქმის თანაბარი სისწრაფის მანქანით იასპარეზებს, რაც იმის გარანტიას გვაძლევს, რომ საინტერესო პაექრობების მომსწრენი გავხდებით და რომ ეს ბრძოლა ბრაზილიამდე გაგრძელდება“.

No comments:

Post a Comment