Saturday, August 27, 2011

”რედ ბულმა” უებერი დაიტოვა


Webber staying at Red Bull in 2012
27 აგვისტო

როგორც მოსალოდნელი იყო, ”რედ ბულ რეისინგმა” თავისი ავსტრალიელი მრბოლი მარკ უებერი მომავალი სეზონისთვისაც დაიტოვა. თან ეტყობა, გუნდმა ეს გადაწყვეტილება კარგა ხნის წინ მიიღო, მაგრამ მისი გამოცხადება, ოზი პილოტის დაბადების დღეს დაამთხვია. 27 აგვისტოს მას 35 წელი შეუსრულდა.

”ჩემი სურვილია, ფორმულა ერთის მოწინავე გუნდში გავაგრძელო გამოსვლა და როცა კონტრაქტის გაგრძელება შემომთავაზეს, ბევრი არ მიფიქრია. მე ისევ საუკეთესო შედეგებისთვის ბრძოლა მსურს როგორც გუნდისთვის, ისე საკუთარი თავისთვის. უკვე ხუთი წელია, ჩვენ კონკურენტულ მანქანას ვამზადებთ, რითაც ჩემპიონატიც მოვიგეთ. ჩვენ მოწინავე გუნდი ვართ და შემდეგ სეზონშიც, ყოველ რბოლაში მაქსიმალურად გავირჯები და ყოველ რბოლაში გამარჯვებისთვის ვიბრძოლებ”, - განაცხადა უებერმა.
ავსტრალიელი მრბოლი შარშანდელი სეზონის ბოლო ეტაპამდე, ტიტულის მოცილე იყო, მაგრამ საბოლოოდ, ჩემპიონი მისი თანაგუნდელი სებასტიან ფეტელი გახდა. მაგრამ მიმდინარე სეზონი უებერისთვის გაცილებით უფერულია. მართალია, მას მეორე ადგილი უკავია, მაგრამ ჯერ რბოლაც არ აქვს მოგებული. არადა, კვარცხლბეკზე უკვე ექვსჯერ ავიდა.
მისგან განსხვავებით, ფეტელმა პირველი რვა ეტაპიდან ექვსი მოიგო და ახლა სოლიდური უპირატესობით ლიდერობს ჩემპიონატს. უებერმა ბოლო გამარჯვება გასული სეზონის უნგრეთის დიდ პრიზზე მოიპოვა. ”რედ ბულის” პილოტებმა გასული 11-ვე რბოლა პოულიდან დაიწყეს და ბელგიაშიც სტარტს მოწინავე პოზიციიდან ფეტელი აიღებს, რომელსაც უკვე 9 კვალიფიკაცია აქვს მოგებული.
”სანამ მომავალი სეზონისთვის კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას დავიწყებდით, ორივე მხარისთვის აშკარა იყო, რომ ჩვენ კვლავ ერთად მუშაობა გვსურდა. ამიტომ, ბევრი ლაპარაკი არც დაგვჭირვებია. მარკი გუნდს ძალიან კარგად იცნობს. ჩვენ კი ვხედავთ, რომ როგორც ყოველთვის, ის კვლავ მოტივირებულია, კარგ ფიზიკურ მდგომარეობაშია და ძალიან მონდომებულია”, - ამბობს გუნდის შეფი ქრისტიან ჰორნერი.
ამგვარად, ”რედ ბული” პილოტების შემადგენლობას ზედიზედ მეოთზე სეზონში შეინარჩუნებს. ამ სეზონში სულ სამი გუნდის - ”რედ ბულის”, ”მაკლარენის” და ”ფერარის” პილოტებს აქვთ რბოლები მოგებული და სამივე იმავე შემდგენლობას მომავალ სეზონშიც შეინარჩუნებს.

No comments:

Post a Comment