Wednesday, August 24, 2011

სენა ჰაიდფელდს შეცვლის


Senna replaces Heidfeld at Renault
24 აგვისტო
მოსახდენი მოხდა - ჯერ კიდევ უნგრული ეტაპის შემდეგ, აშკარა იყო, რომ ნიკ ჰაიდფელდს ”რენოში” ადგილის დაკარგვა ემუქრებოდა. და აი, ბელგიური სარბოლი უქმეების წინ, ფრანგულმა გუნდმა გამოაცხადა, რომ გერმანელი პილოტის ნაცვლად, სპაზე ბრაზილიელი ბრუნო სენა იასპარეზებს.

”რენომ” ჯერ კიდევ საზაფხულო არდადეგებამდე გამოაცხადა, რომ პილოტების გადახალისებას აპირებდა. მაშინვე აშკარა იყო, რომ პილოტების კი არა, ერთი პილოტის - ჰაიდფელდის ”გადახალისება” გადაწყვეტილი იყო. ბევრი მიმომცილველი თვლის, რომ ეს უფრო არა იმის გამო მოხდა, რომ ჰაიდფელდმა თავი ვერაფრით გამოიჩინა (არადა, ის გუნდის პირველი პილოტი იყო და რაც მთავარია, რუს ვიტალი პეტროვზე უკეთესი შედეგები აქვს), არამედ იმიტომ, რომ გუნდს სპონსორიანი პილოტი (ისეთი, როგორიც პეტროვია), ანუ პაიპილოტი ესაჭიროებოდა.
ასეა თუ ისე, ჰაიდფელდს კონტრაქტის შენარჩუნება სურდა და გუნდს მისი დარღვევის უფლებას არ აძლევდა. სხვათა შორის, რუსულმა ვებგვერდებმა უკვე ორშაბათს გამოაცხადეს, რომ გერმანელი პილოტი სენამ შეცვალა, თუმცა ამას არცერთი სოლიდური ვებგვერდი არ ადასტურებდა. ყველა მოლოდინში იყო. იმის მოლოდინში, რომ ”რენო” და ჰაიდფელდის მენეჯერები შეთანხმებას მიაღწევდნენ.
რა თქმა უნდა, შეთანხმება შედგა და მისი შედეგი თქვენთვის უკვე ცნობილია - ბელგიაში ჰაიდფელდის მონოპოსტს სენა დაიკავებს. თუმცა, ”რენო” აცხადებს, რომ სენა ჯერ მხოლოდ ბელგიური რბოლისთვის დასვეს მანქანაზე. და ვინ დამტკიცდება ამავე ადგილზე სეზონის დარჩენილი რბოლებისთვის, ეს მოგვიანებით (შესაძლოა, პარასკევამდეც) გაირკვევა.
არაა გამორიცხული, რომ სენამ ეს ადგილი სეზონის ბოლომდე შეინარჩუნოს. თუმცა ეს ბელგიაში მის გამოსვლაზე იქნება დამოკიდებული. სხვათა შორის, ”რენოს” ურჩევნია, რომ ეს მანქანა ფრანგული წარმოშობის შვეიცარიელ რომენ გროჟანს ჩააბაროს, ვინც ამჟამად სერია GP2-ის ლიდერია. სხვათა შორის, ამ სერიის ჩემპიონატი მონცაში, ფ1-ის იტალიის დიდი პრიზის დღეებში მთავრდება და მოსალოდნელია, რომ გროჟანი ”რენოში” სწორედ ამის შემდეგ გამოჩნდება.

No comments:

Post a Comment