Tuesday, August 23, 2011

”პორშემ” ახალ 911 ფრანკფურტამდე გაგვაცნო

Porsche Finally Unveils New 911
24 აგვისტო
თუ იცით, რომელი ავტომობილია, რომელიც მსოფლიო ბაზრიდან უკვე 48 წელია, ფეხს არ იცვლის და მაინც ძალიან პოპულარულია? რა თქმა უნდა, ლეგენდარული ”პორშე 911”. მალე ამ ავტომობილს ნახევარი საუკუნე შეუსრულდება და ამ იუბილეს მისი მეცხრე თაობის ავტომობილი იზეიმებს. ის ავტომობილი, რომლის მსოფლიო პრემიერაც მალე ფრანკფურტის მოტორ შოუზე გაიმართება. პრემიერამდე ცოტა ხნით ადრე კი გერმანულმა კომპანიამ მის შესახებ ინფორმაცია და ფოტოები გაავრცელა.

ახალი ავტომობილი აქამდე 991-ის სახელით იყო ცნობილი. გარეგნულად ის ძლიერ ჰგავს წინამორბედ 997-ს, თუმცა ეს ავტომობილი ხომ გარეგნულად უმნიშვნელოდ იცვლება ხოლმე. თუმცა სხვაობა მაინც მნიშვნელოვანია. ჯერ ერთი, ახალი ავტომობილი შეცვლილ პლატფორმაზე დგას, რომელსაც 100 მილიმეტრით (2450 მმ-მდე) დაგრძელებული ბაზა აქვს. შემცირებულია ავტომობილის სიმაღლე, გაგანიერებულია უკანა ბორბლების კვალი. პოზიცია შეუცვალეს უკანა ხედვის სარკეებს, შეიცვალა მთავარი ფარები. მოკლედ, 911-ს იერი კი შეუნარჩუნდა, მაგრამ მან უფრო დინამიკური და აგრესიული სახე მიიღო.
ახალი 911-ის შასი და ძარა ალუმინისა და ფოლადის ფურცლებისგანაა შექმნილი, რისი წყალობითაც, გაიზარდა მისი სიმტკიცე და 45 კილოგრამით შემცირდა წონა. მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული აეროდინამიკისა და უფრო განიერი უკანა სპოილერის წყალობით, გაიზარდა უკანა ბორბლებზე დინამიკური დატვირთვა. რაც მთავარია, ამისათვის აეროდინამიკური კოეფიციენტის გაზრდა საჭირო არ გახდა.
ექსტერიერისგან განსხვავებით, მნიშვნელოვნადაა შეცვლილი 911-ის ინტერიერი. ”პორშე” აცხადებს, რომ სალონში ”კარერა GT-ს” გავლენა იგრძნობა. თუმცა, თვალში საცემია ისიც, რომ სალონის გაფორმებისას, სედან ”პანამერას” ბევრი ელემენტიცაა გამოყენებული.
ფრანკფურტულ პრემიერაზე, ავტომობილი ორი მოდიფიკაციის სახით წარსდგება. ერთი საბაზო ”კარერაა”, მეორე კი - უფრო სპორტული ”კარერა S”. ორივე შემთხვევაში, ძრავებთან 7-საფეხურიანი მექანიკური, ან ავტომატური კოლოფია შეწყვილებული. ამ უკანასკნელს ძრავთან ორდისკოიანი ქურო აკავშირებს.
ახალი ”კარერა” ახალი 6-ცილინდრიანი ოპოზიტური 3.4-ლიტრიანი ძრავითაა აღჭურვილი, რომელსაც საწვავის უშუალოდ წვის კამერაში შეფრქვევის სისტემა ემსახურება. ძრავი 350 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, რაც საკმარისია იმისათვის, რომ ავტომობილმა ნულიდან 100 კმ/სთ სიჩქარე 4.6 წამში აკრიფოს. ეს დრო 0.2 წამით მცირდება, როდესაც ავტომობილი ”სპორტ ქრონო” პაკეტითაა აღჭურვილი. ავტომატური კოლოფით აღჭურვილი ავტომობილი, 100 კილომეტრის გასავლელად 8.2 ლიტრ საწვავს მოიხმარს, ყოველი კილომეტრის გავლისას კი ის ატმოსფეროში მხოლოდ 194 გრამ ნახშირორჟანგს გამოჰყოფს. ამგვარად, ეს ”პორშეს” პირველი ავტომობილია, რომელიც ატმოსფეროს 200 გრამზე ნაკლები ნახშირორჟანგით აბინძურებს.
მოდელი ”კარერა S” 3.8-ლიტრიანი ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 400 ცხენის ძალას გამოიმუშავებს (15-ით მეტს, ვიდრე წინა თაობის კარერა S-ზე). ამ ძრავით (დაავტომატური კოლოფით), ავტომობილს ადგილიდან 100 კმ/სთ-მდე აჩქარება 4.3 წამში შეუძლია, ”სპორტ ქრონო” პაკეტით კი იმავე აჩქარებას 4.1 წამში ასწრებს. 100 კილომეტრის გასავლელად, ”კარერა S-ს” 8.7 ლიტრი საწვავი ჰყოფნის, ყოველი კილომეტრის გავლისას კი ატმოსფეროში 205 გრამ ნახშირორჟანგს გამოჰყოფს.
ძრავის წვის რეჟიმის ოპტიმიზაციის გარდა, ეკონომიურობის გაუმჯობესება ახალი ტექნოლოგიების გამოყენებითაც მოხერხდა. პირველ რიგში, ესაა სისტემა სტოპ-სტარტი, ელექტრული სისტემების რეკუპერაცია, ტემპერატურული რეჟიმის მართვის ოპტიმიზაცია, საჭის მექანიზმის ელექტრო-მექანიკური გამაძლიერებელი და რა ტქმა უნდა, ახალი, 7-საფეხურიანი კოლოფები.
მართალია, ამ ავტომობილის მსოფლიო პრემიერა 13 სექტემბერს, ფრანკფურტის შოუზე გაიმართება, მაგრამ ”პორშე” აცხადბს, მასზე შეკვეთების მიღებას 1 სექტემბრიდან იწყებს. გერმანიაში, ”911 კარერას” საბაზო ვერსიის ღირებულება 88 938 ევროა, ”911 კარერა S” კი 102 436 ევრო ეღირება.

No comments:

Post a Comment