Monday, August 29, 2011

კობაიაში: შეჯახება ჰამილტონის შეცდომამ გამოიწვია

Kobayashi says Lewis Hamilton was at fault in their Spa clash
29 აგვისტო


ბელგიის დიდი პრიზის შემდეგ, ”ზაუბერის” იაპონელმა მრბოლმა კამუი კობაიაშიმ განაცხადა, რომ რბოლის დროს, მასა და ლუის ჰამილტონს შორის მომხდარი შეჯახება, ბრიტანელის შეცდომამ გამოიწვია.
ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც მეოთხე ადგილისთვის ბრძოლაში, ჰამილტონმა კობაიაშის გაასწრო. მაგრამ სწორზე საკმარისი სიჩქარე ვერ განავითარა, რის გამოც, კობაიაშის პოზიციის დაბრუნების შანსი მიეცა და მან ამ შანსის გამოყენება სცადა. ჰამილტონმა ერთი მანევრით სცადა კუდდან მეტოქის ჩამოცილება, მაგრამ ეს ვერ შეძლო. მოსახვევ ლეს კომბსის სამუხრუჭე ზონაში, მან ხელსაყრელ ტრაექტორიაზე გასვლა სცადა, მაგრამ ვერ გათვალა - მეტოქე მეტისმეტად ახლოს იყო და როგორც კი მუხრუჭს დაადგა ფეხი, მაშინვე შეჯახება მოხდა.
კობაიაშის ”ზაუბერი” წინა მარჯვენა ბორბლით, ჰამილტონის ”მაკლარენს” უკანა მარცხენა ბორბელზე დაეჯახა. ამან ჰამილტონის მანქანა უმართავი გახადა. ის მარცხნივ მოტრიალდა და ზღუდეს შეეჯახა. კობაიაშიმ კი, ვისაც შეჯახებამდეც, წინა ფრთის მარჯვენა ნაწილი დაზიანებული ჰქონდა, გზა გააგრძელა.
”ვიცოდი, მასთან ბრძოლა არ შემეძლო, რადგან ის ჩემზე გაცილებით სწრაფი იყო. როცა გამასწრო, უკანა რეგულირებადი ფრთა გამოიყენა. მე ამის საშუალება არ მქონდა, თუმცა. კერს-ს კი ვიყენებდი. სამაგიეროდ, ჩემი მანქანა აეროდინამიკურად მინიმალურად იყო დატვირთული და ამის წყალობით, სწორზე ისევ დავეწიე. ამ სწორის ბოლოს, მე მარცხენა ნაპირზე ვმოძრაობდი, ის კი გზის შუაში იყო. მან უკეთეს ტრაექტორიაზე გადასვლა დააპირა და სწორედ ამ დროს შევეჯახე”, - ყვება კობაიაში.
იაპონელი დასძენს, რომ ძალიან გააკვირვა ჰამილტონის ასეთმა მანევრმა. ამ მომენტში, შეჯახებას მხოლოდ ბალახებში გადასვლით თუ აირიდებდა: ”ჩანაწერს თუ ნახავთ, დარწმუნდებით, რომ სწორის დიდი ნაწილი თეთრი ზოლის გასწვრივ გავიარე. ავარიის მომენტშიც, მოძრაობის მიმართულება არ შემიცვლია. არ ვიცი, როგორ უნდა მოვქცეულიყავი. იქნებ, ბალახზე უნდა გადავსულიყავი? ის რომ შუაში დარჩენილიყო, არც არაფერი მოხდებოდა”.
რა თქმა უნდა, სტიუარდებმა მომხდარი განიხილეს, თუმცა მასში მონაწილე არცერთი მრბოლი არ დაუჯარიმებიათ. კობაიაში ამით კმაყოფილია და ამბობს, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. ”ეს ჩვეულებრივი სარბოლი შემთხვევა იყო”, - ამბობს იაპონელი.
ინციდენტის ჩანწერი ჰამილტონმაც ნახა და ის კობაიაშის აზრს იზიარებს: ”ძანაწერის ნახვამ დამარწმუნა, რომ ავარია ჩემი შეცდომის გამო მოხდა. მას გზა გადავუჭერი. არადა, მეგონა, რომ ჩამოტოვებული მყავდა”.


No comments:

Post a Comment