Saturday, September 3, 2011

”სიტროენის” კონცეპტუალური მინივენი ”ტუბიკი”


Citroën Unloads First Official Photos of Tubik Concept Van
3 სექტემბერი
ეს ჯერ ესკიზებია, თუმცა უკვე ვიცით, რომ ამ ავტომობილს ფრანკფურტის მოტორ შოუზე ვნახავთ. ისევე როგორც ბევრი სხვა კომპანია, ”სიტროენიც” წარსულის დიდებას გამოეტირა და საგამოფენოდ, წარსულში პოპულარულ მინივენ ”ტუბ-ის” რეტრო-ვერსია, სახელად ”ტუბიკი” მოამზადა.

ალბათ გახსოვთ ეს ფურგონი - ფრანგულ ფილმებში ის ხშირად მონაწილეობდა. ”სიცილიურ კლანში” ალენ დელონის გმირი სწორედ საპოლიციო ”ტუბით” გადაყვანისას გაიქცევა... ეს ავტომობილი ბაზარზე პირველად 1939 წელს გამოჩნდა, 9 წლის შემდეგ კი შეიცვალა და 1980-იან წლებამდე კონვეიერზე დარჩა. და მან ”ორმაგი შევრონის” ისტორიაში ერთ-ერთი წამყვანი როლის შეასრულა.
არავინ იცის, კონცეპტუალურ ”ტუბიკს” მწვანე შუქს აუნთებენ, თუ ის უბრალოდ, დიზაინერების სავარჯიშო იყო, რომლითაც ისინი კომპანიის კორპორატიულ სტილს აშალაშინებენ და მასში სიახლეების შეტანას ცდილობენ. მაგრამ ესკიზების მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ მათ ორიგინალური ძალიან ეფექტური გარეგნობის მქონე მინივენი შექმნეს.
თუ ამ მანქანას წარმოება ეღირსება, ის სატვირთოს მოვალეობასაც შეასრულებს და სამგზავროსაც. მეორე შემთხვევაში, ის 9 მგზავრს დაიტევს. ალბათ კითხვა დაგებადათ - და რა გაბარიტები აქვს, ამდენის გადაყვანა რომ შეუძლიაო. სიგრძე 4.8 მეტრი, სიგანე 2.08 მეტრი, სიმაღლე კი - 2.05 მეტრი.
”სიტროენის” რელიზში აღნიშნულია, რომ სავარძლები სამ რიგადაა განლაგებული. ამასთან, ისინი შეიძლება დაიკეცოს, მოტრიალდეს, ან გაიშალოს და ამ დროს, ან საბარგულის მოცულობა იზრდება, ან სალონი მინი-ოფისად და საძინებლადაც კი გადაკეთდება. ოფისის შემთხვევაში, სავარძლების შუა რიგი იკეცება და მაგიდას ქმნის.
რაც შეეხება აღჭურვილობას, მის შესახებ ჯერ კონკრეტული ინფორმაცია არ გავრცელებულა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ავტომობილს მამოძრავებელ ძალას, ”პეჟო-სიტროენის” დიზელ-ელექტრული ჰიბრიდული სისტემა (ჰაიბრიდ4) ანიჭებს.

No comments:

Post a Comment