Friday, September 30, 2011

უილისი და კოსტა ”მერსედეს GP-ში” გადავიდნენ

Costa, Willis join Mercedes GP as it strengthens technical team
30 სექტემბერი

ალდო კოსტა
ჯეფ უილისი
გერმანული გუნდის ტექნიკური შტაბი ორი ძლიერი სპეციალისტით შეივსო, რომლებმაც მომავალი სეზონიდან, სამქიმიანების გაძიერებაზე და კონკურენტუნარიან გუნდად ჩამოყალიბებაზე უნდა იზრუნონ. ალდო კოსტა ”ფერარიდან” ახლახანს წავიდა, ჯეფ უილისი ბოლოს ”ისპანია რეისინგში” (არცთუ დიდი ხნის წინ კი რედ ბულ რეისინგის ტექნიკური დირექტორი იყო) მუშაობდა. ორივე კი ”ფერარის” წევრი იყო მაშინ, როდესაც იტალიური გუნდის ტექნიკურ შტაბს როს ბრაუნი, ”მერსედეს GP-ს” ახლანდელი შეფი უძღვებოდა.
17 ოქტომბრიდან, უილისი ”მერსედეს GP-ს” ტექნოლოგიების დეპარტამენტის დირექტორი გახდება. რაც შეეხება კოსტას, 1 დეკემბრიდან ის საინჟინრო დეპარტამენტის დირექტორად იმუშავებს. ტექნიკური შტაბის გაფართოება ბრაუნის ინიციატივაა, რაზეც მან მწვანე შუქი პირადად ”დაიმლერის” მთავარ აღმასრულებელ დიტერ ცეტშესგან მიიღო.
”მოხარული ვარ გამოვაცხადო, რომ მალე ჯეფ უილისი და ალდო კოსტა ჩვენი გუნდის წევრები გახდებიან. ჯეფი ძალიან გამოცდილი ინჟინერია, რომელსაც ფორმულა ერთში ოც წელზე მეტი აქვს გატარებული. იგივეს ვიტყვი ალდოზე, ვისთან ერთადაც, წლების განმავლობაში მიმუშავია. მას საჩემპიონო მანქანების შექმნაში მიუღია მონაწილეობა და ამ გამოცდილებას მალე ჩვენ მოგვახმარს. ეს კი მთლიანობაში გუნდს გააძიერებს”, - ამბობს ბრაუნი და დასძენს:
”გამარჯვების უნარის მქონე გუნდის შექმნა სასიამოვნო გამოწვევაა. ჩვენ ვცდილობთ, კონკურენტუნარიან გუნდად ჩამოვყალიბდეთ და იმ სტანდარტს მივაღწიოთ, რომელიც ”მერსედესის” საქარხნო გუნდს შეეფერება. ჩვენ უკვე შევქმენით მძლავრი ტექნიკური სტრუქტურა, რომელსაც ბობ ბელი უძღვება. ეს კი მთავარი პირობაა იმისათვის, რომ გუნდმა საუკეთესო ადგილებისთვის იბრძოლოს და ამბიციები დაიკმაყოფილოს”.
ცნობისათვის, მას შემდეგ, რაც ფ1 ”ჰონდამ” დატოვა, იაპონური კომპანიის გუნდი ბრაუნმა და მისმა თანაშემწე ნიკ ფრაიმ გადაიბარეს. მაშინ გუნდს ”ბრაუნი” ეწოდა და ჯენსონ ბატონთან (მეორე პილოტი რუბენს ბარიკელო იყო) ერთად, ორივე ტიტული მოიპოვა. მაგრამ გუნდის გადაბარების პარალელურად, ხარჯების შესამცირებლად, ბრაუნს შტატის შემცირებაც მოუხდა. სწორედ ასეთი ”შემცირებული” გუნდი გამოისყიდა მისგან ”მერსედესმა”.
შტუტგარტული კომპანიის მოსვლით, გუნდის ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდა, თუმცა შტატი არ გაზრდილა. ბრაუნი კარგა ხანს დაჟინებით მოითხოვდა შტაბის ისევ გაზრდას, რათა ”მერსედეს GP-ს” ”რედ ბულტან”, ”მაკლარენთან” და ”ფერარისთან” ტოლსწორად ბრძოლის რეალური საშუალება ჰქონდეს. და გერმანიის დიდი პრიზის დღეებში, ცეტშე დაითანხმა კიდეც.

No comments:

Post a Comment