Tuesday, October 4, 2011

”ფოლკსვაგენ ბაგი” - სანაპიროს მოხეტიალე

Volkswagen Buggy Up! Study is Ready to Hit the Beach
4 ოქტომბერი
 ფრანკფურტის მოტორ შოუს ერთ-ერთი გამორჩეული ექსპონატი ”ფოლკსვაგენის” მინიავტომობილი Up! და მისი რამდენიმე მოდიფიკაცია იყო, რომელთა შორისაც ყველაზე მეტ დამთვალიერებელს ბაგის ტიპის ”ბაგი Up!” იზიდავდა. არადა, ეს სერიული ავტომობილი არაა და ალბათ, არც არასდროს იქნება. თუმცა, რა თქმა უნდა, არსებობს ავტომოყვარულთა კატეგორია, რაც ასეთ ავტომობილს სიამოვნებით შეიძენდა.

სხვათა შორის, ”ბაგი Up!” ერთგვარი გამოძახილია ამავე სახელის მქონე ავტომობილისა, რომელიც გასული საუკუნის 60-იან წლებში ძალიან პოპულარული იყო კალიფორნიაში. ის ავტომობილი სახალხო ”ხოჭოზე” იყო ბაზირებული, ფრანკფურტელი დებიუტანტი კი ვოლფსბურგელთა ახალი სახალხო ავტომობილის, Up!-ის დერივატივია.
”ბაგი Up!” საბაზო Up!-ზე 44 მილიმეტრით გრძელი, 31 მილიმეტრით განიერი და 190 მილიმეტრით დაბალია. ამის მიუხედავად, ის მაინც სუბკომპაქტურ კლასში გადის, თუმცაღა მაინც 18-დუიმიანი ბორბლებითაა აღჭურვილი, რომლებზეც 205/40 ზომის საბურავებია ჩაცმული.
ავტომობილი ღიაა - არც სახურავი აქვს და არც კარები. საჭიროების შემთხვევაში, მას რბილი სახურავი ეფარება, თუმცა კარის ადგილს მაინც არაფერი ფარავს. ამიტომ, ”ფოლკსვაგენმა” სავარძლები ისეთი მასალებით გააწყო, რომლებიც წყალს ირეკლავს. იატაკზე კი ღრიჭოებია, საიდანაც წყალი თავისით გავა და არ დაგასველებთ.
”ბაგი Up!” მხიარულ, ფორთოხლისფერშია გამოწყობილი - პლიაჟზე სასეირნო ავტომობილი მხიარულებისთვისაა განკუთვნილი და მოსაწყენი ფერი არც ეკადრება. ბამპერის გაყოლებაზე კი მთელი ძარა შავად შეღებეს. მანქანას პატარა საბარგული აქვს, რის გამოც, საბარგულის ხუფზე კარბონით დამზადებული ორი ჩანთის სამაგრი გაუკეთეს.
დაბოლოს, აღჭურვილობის შესახებ. ვოლფსბურგელ ინჟინრებს ბევრი არ უფიქრიათ და ”ბაგიზე” ძალური დანადგარები იგივე დატოვეს, რაც Up!-ზე გვხვდება. ესაა ბენზინის ორი სამცილინდრიანი, 1.0-ლიტრიანი აგრეგატი, რომლებიც ფორსირების ხარისხით განსხვავდება. ერთის სიმძლავრე 60 ცხენის ძალაა, მეორისა კი - 75 ცხენის ძალა.
აპირებს, თუ არა ”ფოლკსვაგენი” ამ მხიარული ავტომობილის წარმოებას, ამაზე გერმანული კომპანიის უფროსობას სიტყვაც არ დასცდენიათ. სასტარტო პასუხი ალბათ არაა. თუმცა, ყველაფერი მაინც გამოფენაზე მიღებულ გამოხმაურებებზე იქნება დამოკიდებული.

No comments:

Post a Comment