Monday, October 3, 2011

”აუდი A5 DTM” საბრძოლველად მზადაა

მომავალი სეზონიდან DTM-ის სერიაში ახალი ტექნიკური რეგლამენტი ამოქმედდება, რის გამოც, ჩემპიონატის ყველა მონაწილეს, ახალი ბოლიდის მომზადება უწევს. გამონაკლისი არც ”აუდია”, რომელმაც ფრანკფურტში თავისი სარბოლი მონსტრი წარადგინა.

სხვათა შორის, 1990 წლიდან მოყოლებული, ”ოთხი რგოლი” DTM-ის სერიაში მხოლოდ ოთხკარიანი მანქანებით ასპარეზობდა. თუმცა, ამჯერად ეს ტრადიცია ირღვევა, რადგან ინგოლშტადტელებმა მოტორიანი ცხენების დოღებისთვის A5 კუპე მოამზადეს. მისი შემუშავებისას კი ინჟინრები სამ ძირითად პრინციპს ეყრდნობოდნენ: მაქსიმალური უსაფრთხოება, ხარჯების 40 პროცენტით შემცირება და ელეგანტური დიზაინის შემუშავება.
მესამე პრინციპი ალბათ ყველაზე ადვილად შესასრულებელი იყო, რადგან დონორი ავტომობილი ისედაც ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი კუპეა. მისი ძარა კარბონის სტრუქტურით შეიცვალა, რომელიც გზის საფარსაა გაკრული, ძალიან განიერია და უკან უზარმაზარი ფრთაც ამშვენებს.
უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად, რეგლამენტი ინჟინრებს კარბონის კომპოზიტის ფართოდ გამოყენებას ავალებდა. ამიტომ, ფოლადის სტრუქტურაში კარბონის ელემენტებიც გაურიეს. რაც შეეხება ხარჯების შემცირებას, ამის მიღწევაშიც კომპანიას რეგლამენტი დაეხმარა, რომელიც სერიის მონაწილეებს არაერთი საერთო დეტალის გამოყენებას ავალდებულებდა.
ავტომობილი აღჭურვილია 4.0-ლიტრიანი V8 აგრეგატით, რომელიც 460 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ძრავთან კი 6-საფეხურიანი პნევმატურმექანიზმიანი ნახევრად ავტომატური კოლოფია შეწყვილებული, რომლის გადამრთველი ნიჩბებიც საჭის რგოლზე გამოიტანეს.
ახალ ავტომობილს, რომელსაც ”აუდიში” კოდურ სახელად R17 უწოდეს, რთული მისია ელის - მან უნდა შეცვალოს წარმატებული A4, რომელსაც წინა შვიდ სეზონში ოთხი ტიტული აქვს მოპოვებული...

No comments:

Post a Comment