Tuesday, October 4, 2011

ხუთწლიანი გარანტია მეორად ავტომობილებზე

4 ოქტომბერი
თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ეს დიდი სიახლეა ქართულ საავტომობილო ბაზარზე. დღემდე მყიდველებს მხოლოდ ახალი ავტომობილების მწარმოებლები ანებივრებენ ასეთი სერვისით, თუმცა მათგან ხუთწლიანი გარანტია კარგა ხანს არავის ჰქონდა. საქართველოში ასეთი ხანგრძლივი საგარანტიო მომსახურებით, თავის მყიდველს მხოლოდ ორი დილერი უზრუნველყოფს.


რა თქმა უნდა, ახალი ავტომობილის მრავალწლიანი საგარანტიო მომსახურებით უზრუნველყოფა, მის ხარისხზეა დამოკიდებული და რაც უფრო მაღალია ხარისხი, მით უკეთეს პირობებს სთავაზობს მწარმოებელი მყიდველს. ძნელად თუ წარმოიდგენს ადამიანი, რომ ასეთი სერვისით ნახმარი ავტომობილების მყიდველმაც ისარგებლოს. მაგრამ ბიზნესი კიდევ ერთხელ გვიმტკიცებს, რომ საქმის კარგად დაგეგმვის შემთხვევაში, შეუძლებელი არაფერი იქნება!
და აი, გამოჩნდა ქართული კომპანია სახელად ”ZR მოტორს სერვისი”, რომელიც სწორედ იმას გვიმტკიცებს, რომ შეუძლებელი არაფერია და მეორადი ავტომობილების (როგორც ახალჩამოყვანილების, ისე დიდი ხნის წინ ჩამოყვანილების) მყიდველებს 1-დან 5 წლამდე გარანტიებს სთავაზობს. რა თქმა უნდა, გარკვეული პირობების დაცვით.

საგარანტიო ვადა მანქანის მდგომარეობასა და გაწეულ სერვისზეა დამოკიდებული. საგარანტიო პერიოდში, გარანტიით უზრუნველყოფილი ავტომობილი მუდმივად გარანტიის გამცემის დაკვირვების ქვეშ იქნება. ამასთან, გარანტია ითვალისწინებს უფასო მომსახურებებს, ფასდაკლებებს და უფასო კონსულტაციებს. მოკლედ, ავტომობილზე, მისი მფლობელის გარდა, გარანტიის გამცემი მუდმივად იზრუნებს.
რა თქმა უნდა, მეორადი ავტომობილის მყიდველისთვის, საგარანტიო მომსახურების ესოდენ ფართო სპექტრის უზრუნველყოფა ძალიან ძნელი და სარისკო საქმეა, თუმცა კომპანია ”ZR მოტორს სერვისის” დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, ასევე სერვის ცენტრ ”L.S.L. მოტორსის” სერვის ცენტრის დირექტორი, ბატონი ზურაბ აბრამიძე ამბობს, რომ საქმის საზრიანად ორგანიზებით, შეუძლებელი არაფერია. მითუმეტეს, როდესაც მის კომპანიას პარტნიორობას სადაზღვევო კომპანიები გაუწევენ.
L.S.L. მოტორსის სერვის ცენტრი

ზურაბ აბრამიძის თქმით, საგარანტიო მომსახურება შეეხება 1997-2010 წლებში გამოშვებულ ავტომობილებს. ამასთან, საგარანტიო სერვისით სარგებლობა, რომელსაც ”L.S.L. მოტორსის” სერვის ცენტრი ახორციელებს, საბანკო განვადებითაც, საშუალო ან დაბალ ფასად (გააჩნია საგარანტიო ვადას და მომსახურების სახეობებს) იქნება შესაძლებელი. ასე რომ, მეორადი ავტომობილების იმ მყიდველებს, რომლებსაც საგარანტიო მომსახურებაზე ფული შეიძლება არ ჰყოფნიდეთ, საბანკო მომსახურებით სარგებლობის საშუალებაც ექნებათ.
მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ კომპანია თავის გარანტიას საქართველოს საზღვრებს გარეთაც ავრცელებს. ოღონდ, ამ შემთხვევაში წინასწარი შეთანხმებაა საჭირო და ასეთი მომსახურებაც უფრო ძვირი დაჯდება. სამაგიეროდ, ავტომობილის მფლობელი თავს ყველანაირად დაცულად იგრძნობს. ამ მხრივ, თავიდან საგარანტიო მომსახურება ამიერკავკასიის ქვეყნებზე და იმ ქვეყნებზეც გავრცელდება, სადაც ჩვენი ქვეყნიდან ავტომობილები გადის. მომავალში კი მოქმედების არეალი გაფართოვდება.
ბატონი აბრამიძე ამბობს, რომ თავის საწარმოში ობოლი მოზარდების სწავლა-დასაქმებას აპირებს. ამასთან, ყველაზე ნიჭიერები, ავტოსერვისის პროფილით, უცხოეთში მომზადების კურსს გაივლიან. ის იმედოვნებს, რომ ადრე თუ გვიან, საქართველოს ლოგისტიკური (და სხვა) პოტენციალით დიდი ავტომწარმოებლები დაინტერესდებიან, რომლებიც აქ ავტომობილების გამოშვებას დაიწყებენ და მაშინ, უცხოეთში განათლებამიღებული მოზარდების გამოცდილება დიდ საქმეშიც გამოდგება.

ავტომობილების გარანტიით ყიდვის ეტაპები და პირობები:
1. განიხილება პიროვნების (ორგანიზაციის) ფინანსური მდგომარეობა და უძრავი ქონების ჩადების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
2. განიხილება შესაძენი ავტომობილის ღირებულება, ასაკი და მდგომარეობა;
3. ზემოთ აღნიშნული ინფორმაციების შეჯერების შემდეგ, 1-3 დღეში გაფორმდება ხელშეკრულება იმ ავტომობილზე, რომლის შეძენასაც მყიდველი აპირებს. თუ შერჩეული არაა, ”ZR მოტორს სერვისი” შესაბამის კონსულტაციას გაუწევს;
4. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, მყიდველი თანხას დილერს და ”ZR მოტორს სერვისს” გადაურიცხავს;
5. შემდეგ ეტაპზე ხდება ავტომობილის სრული დიაგნოსტირება, რის შემდეგაც, მყიდველთან შეთანხმებით, გაიცემა 1-5-წლიანი საგარანტიო ბარათი და საგარანტიო მომსახურების ჩამონათვალი (თუ რა ტიპის სამუშაოებს ითვალისწინებს საგარანტიო მომსახურება);
6. საგარანტიო მომსახურება ასევე ითვალისწინებს კლიენტის დამხმარებას (ადგილზე მისვლით და ავტომობილის სერვის ცენტრში ევაკუაციით) იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილს ტექნიკური, ან სხვა სახის პრობლემები შეექმნება. ”ZR მოტორს სერვისი” ასევე აგვარებს სადაზღვევო კომპანიასთან არსებულ ფორმალობებს, საჭიროების შემთხვევაში, თავადვე უკვეთავს ორიგინალურ სათადარიგო ნაწილებს უცხოეთში და რა თქმა უნდა, უზრუნველყოფს მაქსიმალურად სწრაფსა და ხარისხიან სერვისს
7. მხარეებს შორის ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებს იმ შემთხვევას, როდესაც მყიდველი ვერ ახერხებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადახდას. ამ შემთხვევაში ხდება ავტომობილის შემოწმება, რის შემდეგაც, მის საბაზრო ღირებულებას 30-50% გამოაკლდება და დარჩენილი თანხა მყიდველს დაუბრუნდება.
8. თუ კლიენტი დაფარავს სესხს, ან მისი დაფარვის პერიოდში გადაწყვეტს ავტომობილის გაყიდვას, მაგრამ საგარანტიო პერიოდი ამოწურული არ იქნება, საგარანტიო მომსახურებით, ძველი ხელშეკრულების პირობებით, ავტომოილის ახალი მფლობელი ისარგებლებს.

P.S. თქმა არ უნდა, მეტად გაბედული და ავტომფლობელთათვის მიმზიდველი სქემაა, რომელიც კმაყოფილს დატოვებს არამხოლოდ ავტომობილის მყიდველს და გამყიდველს, არამედ იმ კომპანიასაც, რომელიც ამ სერვისს გთავაზობთ. და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ამ პროექტის განხორციელებით, არაერთი ახალი სამუშაო ადგილიც შეიქმნება, რაც ჩვენს ქვეყანას თუნდაც მცირე შვებას მოჰგვრის...

No comments:

Post a Comment