Saturday, October 15, 2011

ჰამილტონმა ”რედ ბულის” საკვალიფიკაციო ბატონობა დაასრულა

Muted Hamilton ends Red Bull pole run
15 ოქტომბერი
ეს დროც დადგა - მიმდინარე სეზონში კვალიფიკაცია ”რედ ბულის” მრბოლმა პირველად ვერ მოიგო! იტყვით, კარგ დროს, ფეტელს ტიტული უკვე ჯიბეში აქვსო. მართალია, მაგრამ ვის შეეპარება ეჭვი იმაში, რომ ”რედ ბულს” ყველა კვალიფიკაციის მოგება სურდა...


ადამიანი, ვინც ეს მცირე სასწაული ჩაიდინა, ლუის ჰამილტონია, ”გაუცინარი მკვლელი”, როგორც მას ამ პატარა გამარჯვების შემდეგ უწოდეს. სხვათა შორის, ”მაკლარენისთვის” ეს შარშანდელი კანადური დიდი პრიზის შემდეგ, პირველი პოული ყოფილა. მაშინაც კვალიფიკაციაში საუკეთესო დრო ჰამილტონს უჩვენებია. მას შემდეგ კი უკვე 27 დიდი პრიზი ჩატარებულა.
მოკლედ, ჰამილტონმა თავის გუნდს, რომლისთვისაც კორეის მეორე დიდი პრიზი მეშვიდასეა, შესანიშნავი საჩუქარი მიუძღვნა. სებასტიან ფეტელი, ვინც ერთი კვირის წინ, იაპონიაში ზედიზედ მეორე ტიტული გაინაღდა, ამჯერად მეორე საუკეთესო შედგს დასჯერდა. ჰამილტონს ის 0.222 წამით ჩამორჩა.
ცნობისათვის, ”რედ ბილ რეისინგის” პილოტებს ზედიზედ 16 პოულ პოზიცია აქვთ მოგებული. ავსტრიულ გუნდს სურდა, რომ ”უილიამსის” 1992-93 წლების რეკორდი გაემეორებინა - მაშინ ინგლისური გუნდის პილოტებმა ზედიზედ 24 პოული მოიპოვეს. თუმცა, ”უილიამსსაც” არ გაუმეორებია ”ფერარის” 1952 წლის მიღწევა - ერთ სეზონში ყველა კვალიფიკაცია არ მოუგია. ”რედ ბულს” კი არ მიღწევის გამეორების შანსიც ჰქონდა.
”ძალიან მიხარია, რომ ისევ პოულზე ვარ. ეს ალბათ ერთ-ერთი უიშვიათესი პოზიტიური მოვლენათაგანია, რომლებიც ამ სეზონში მქონია. მაგრამ პოული არ ნიშნავს, რომ რბოლაც მოგებულია. ბოლო რბოლებში პრობლემები მაქვს და ვეცდები, ამჯერად უშეცდომოდ ვიასპარეზო”, - განაცხადა ჰამილტონმა, რომელმაც ბოლო ხუთ რბოლაში, კვარცხლბეკზე ასვლაც კი ვერ შეძლო.
სხვათა შორის, ჰამილტონს აქამდე სეზონი თავის არცერთ თანაგუნდელთან არ წაუგია. მაგრამ ახლა ჯენსონ ბატონს 32 ქულით ჩამორჩება. ის ამბობს, რომ თუნდაც ბატონს აჯობოს, ეს სეზონი მისთვის მაინც ძალიან წარუმატებელია. სხვათა შორის, კვალიფიკაციის დასრულებისთანავე, მას რადიოთი თანაგუნდელებმა მიულოცეს, თუმცა ჰამილტონს პასუხიც არ გაუცია. და რბოლის შემდგომ პრესკონფერენციაზეც, აშკარად უხასიათოდ იყო.
რაც შეეხება ფეტელს, გასულ 15 ეტაპზე მან 12 პოული მოიგო. და მართალია, ჰამილტონმა ”რედ ბულის” პოულების სერია შეწყვიტა, მაგრამ ფეტელს ერთი ძველი რეკორდის გაუმჯობესება შეუძლია. ეს მიღწევა ნაიჯელ მენსელს ეკუთვნის, რომელსაც 1992 წლის სეზონში 14 პოული აქვს მოგებული. შეგახსენებთ, რომ იაპონიის დიდი პრიზის კვალიფიკაციაზე, ფეტელმა სულ რაღაც 0.009 წამით აჯობა ბატონს.

კორეის დიდი პრიზი
კვალიფიკაცია
1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)         1:35.820
2. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)            1:36.042
3. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)              1:36.126
4. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული)                   1:36.468
5. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                           1:36.831
6. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                 1:36.980
7. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                   1:37.754
8. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო)                          1:38.124
9. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)            დროის გარეშე
10. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია)           დროის გარეშე
=====
11. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო)       1:38.315
12. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი)            1:38.354
13. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო)         1:38.508
14. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი)                      1:38.775
15. ბრუნო სენა (ბრაზილია, რენო)                                1:38.791
16. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)   1:39.189
17. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი)                        1:39.443
=====
18. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი)         1:39.538
19. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი)               1:40.522
20. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი)                       1:41.101
21. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი)                          1:42.091
22. ჟერომ დ’ამბროზიო (ბელგია, ვირჯინი)                1:43.483
23. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ისპანია)               1:43.758
24. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ისპანია)           დროის გარეშე

No comments:

Post a Comment