Friday, October 14, 2011

”ბეემვემ” მეექვსე თაობის მე-3 სერია გაგვაცნო

BMW Reveals Sixth Generation of 3-Series Sedan
14 ოქტომბერი
როგორც წესი, ავტომწარმოებლები მნიშვნელოვან პრემიერებს დიდ საავტომობილო ფორუმებზე აწყობენ ხოლმე. ერთ-ერთი ასეთი ახლახანს, გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში ჩატარდა, სადაც უამრავი ახალი და კონცეპტუალური ავტომობილი ვიხილეთ. გამოფენის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მონაწილე კი ”ბეემვე” იყო, რომელმაც საზოგადოების ყურადღება თავის უახლეს სუბ-ბრენდ i-ს ორი ელექტრომობილით - i3-ით და i8-ით მიიპყრო.

და როგორც ჩანს, ფრანკფურტული გამოფენა ბავარიელებმა მხოლოდ თავიანთი ეკოლოგიური მიმართულების ანონსირებისთვის გამოიყენეს. ფრანკფურტული გამოფენიდან ორიოდ კვირის შემდეგ კი არანაკლებ ხმაურიანი პრეზენტაცია ჩაატარეს - მიუნხენში მეექვსე თაობის მე-3 სერიის სედანი წარმოადგინეს.
ეს ავტომობილი ბაზარზე 1975 წლიდანაა და ამ პერიოდში, სულ 12 მილიონი გაიყიდა. მე-3 სერიის კომპაქტური სედანი მალე ლუქსის კლასში ეტალონად იქცა და მას უამრავი თაყვანისმცემელი გაუჩნდა. რაც მთავარია, ბავარიული კომპანიის გამაში, ის ბესტსელერია და ბუნებრივია, მას ”ბეემვე” განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს.
როგორც ”ბეემვეს” მთავარი აღმასრულებელი ნორბერტ რაიტჰოფერი ამბობს, ახალი მე-3 სერია ყველაზე სპორტული ავტომობილია თავის სეგმენტში და როგორც ყოველთვის, თავის პატრონს, მართვით უზარმაზარ სიამოვნებას მიანიჭებს. მსოფლიო ბაზარზე ის 2012 წლის 11 თებერვლიდან გამოჩნდება.
წინამორბედთან შედარებით, მეექვსე თაობის მე-3 სერიის სედანი ზომებში საგრძნობლად გაზრდილია. ახალი ძველზე 93 მილიმეტრით გრძელი და სულ რაღაც, 6 მილიმეტრით ვიწროა. შესაბამისად, მისი სიგრძე 4 624 მილიმეტრი, სიგანე კი 1 811 მილიმეტრია. 50 მილიმეტრით, 2 810 მილიმეტრამდა გაზრდლი ბორბლებს შორის ბაზა. მართალია, ავტომობილი ოდნავ დავიწროვდა, მაგრამ ამის მიუხედავად, 37 და 47 მილიმეტრითაა გაზრდილი წინა და უკანა ბორბლების კვალი. გაზრდილია უკანა მგზავრებისთვის გამოყოფილი სივრცე. კერძოდ, 15 მილიმეტრითაა დაგრძელებული ფეხების ადგილი და 8 მილიმეტრით ამაღლებული - თავის ადგილი.
ახალი სამიანის ძარა, წინამორბედისაზე გაცილებით ხისტია და მიუხედავად იმისა, რომ ის ზომებშიცაა გაზრდილი, მსუბუქი მეტალების უხვად გამოყენების წყალობით, მთლიანობაში ავტომობილის წონა 40 კილოგრამით, 1 415 კილოგრამამდე შემცირდა. შემცირებულია ავტომობილის აეროდინამიკური წინააღმდეგობის კოეფიციენტი, რომელიც ახლა მხოლოდ 0.26-ია.
მეექვსე თაობის მე-3 სერიის სედანი ოთხი, სერია ”ტუინპაუერის” ტურბოკომპრესორიანი ძრავით აღიჭურვება. მათგან ორი ბენზინზე მუშაობს, ორიც - დიზელზე. მათთან შესაწყვილებლად კი მყიდველს ორ ტრანსმისიას შესთავაზებენ: მათგან მექანიკურს 6 საფეხური აქვს, ავტომატურს კი - 8. ამასთან, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც 8-საფეხურიანი ავტომატი ამ კლასის ავტომობილზე დგას.
ბენზინისძრავიანი ვარიანტების სახელებია 328i და 335i. ორივე საწვავის დამზოგავი სისტემა ”ეფიშნტდაინემიქსითაა” აღჭურვილი. პირველის შემთხვევაში, ძრავი 2.0-ლიტრიანი ოთხცილინდრიანია, საწვავი ნარევის უშუალო შეფრქვევის სისტემით და გაზგანაწილების ცვალებადი ფაზებით. ამ ძრავის სიმძლავრე 240 ცხენის ძალაა, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი - 350 ნიუტონმეტრი (1250-4800 ბრ/წთ-ზე).
ამ ძრავის დახმარებით, 328i ადგილიდან ასის აკრეფას 5.9 წამში ასწრებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი ელექტრონიკითაა შეზღუდული და ”მხოლოდ” 250 კმ/სთ-ია. საწვავის ხარჯი 100 კილომეტრზე 6.4 ლიტრია (ავტომატით 6.3 კ), რაც დაახლოებით 11 პროცენტით ნაკლებია წინამორბედი ანალოგის ხარჯზე.

335i-ს კაპოტქვეშ მოთავსებულია 3.0-ლიტრიანი 6-ცილინდრიანი (ერთ რიგში განლაგებული ცილინდრებით) ტურბოძრავი, რომელიც 306 ცხენის ძალას და 400 ნიუტონმეტრს (1200-5000 ბრ/წთ-ზე) გამოიმუშავებს. ამ ვერსიის სტანდარტული აჩქარება (0-100 კმ/სთ) 5.5 წამში ესწრება, მაქსიმალური სიჩქარე კი ამ შემთხვევაშიც (შეზღუდვის გამო) 250 კმ/სთ-ია. ამ შემთხვევაში, საწვავის ხარჯი (მოდიფიკაციის მიხედვით) 7.2-დან 7.9 ლიტრამდეა.
ევროპაში უფრო პოპულარული, დიზელისძრავიანი მე-3 სერია იქნება. ორივე ძრავი 2.0-ლიტრიანია, მათ ტურბოკომპრესორი და სისტემა ”ეფიშნტდაინემიქსი” ემსახურება. ერთის სიმძლავრე 163 ცხენის ძალაა, მეორისა კი - 184 ცხენის ძალა. პირველის შემთხვევაში, ავტომობილი ადგილიდან 100-ის აკრეფას 8.0 წამს ანდომებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე 230 კმ/სთ-ია. ასი კილომეტრის გასავლელად მას 4.1 ლიტრი საწვავი ჰყოფნის, ყოველი კილომეტრის გავლისას კი ატმოსფეროში 109 გრამ ნახშირორჟანგს გამოჰყოფს. მეორე, უფრო მძლავრი ძრავით, 0-100 კმ/სთ-მდე აჩქარება 7.5 წამში ესწრება, მაქსიმალური სიჩქარე 235 კმ/სთ-ია. საწვავის ხარჯი ამ შემთხვევაში 4.5 ლიტრს აღწევს, გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობა კი, ყოველ კილომეტრზე 118 გრამია.
მოგვიანებით, ძრავების გამას კიდევ სამი აგრეგატი დაემატება - ორი დიზელისა და ერთიც - ბენზინის. ამ უკანასკნელს, რომლის მუშა მოცულობა ასევე 2.0 ლიტრია, წყვილი ტურბოკომპრესორი ემსახურება. ასევე ხელმისაწვდომი გახდება სრულამძრავიანი ტრანსმისია და ჰიბრიდული აგრეგატები.

ჰიბრიდულ სისტემაში შევა 6-ცილინდრიანი წყვილტურბოიანი 3.0-ლიტრიანი ძრავი, რომელიც 306 ცხენის ძალას იძლევა და 54-ცხენისძალიანი ელექტროძრავით, რომელიც 8-საფეხურიანი ავტომატის სტრუქტურაშია ინტეგრირებული. ამ ჰიბრიდის მაქსიმალური სიმძლავრე 360 ცხენის ძალაა, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი - 450 ნიუტონმეტრი. ამ შემთხვევაში, საწვავის საშუალო ხარჯი 6.4 ლიტრს აღწევს.
ახალი მესამე სერია ასევე აღიჭურვება სისტემა ”დრაივინგ იქსპერიენს კონტროლით”, ასევე სამი საბაზო პაკეტით - კომფორტი, სპორტი და სპორტ+. მყიდველს ასევე შესთავაზებენ ”ეკო პრო” სისტემას, რომელიც საწვავის მოხმარებას 20 პროცენტით შეამცირებს. მყიდველს ასევე სამ კონფიგურაციას - სპორტ ლაინს, მოდერნ ლაინსა და ლუქშერი ლაინს შესთავაზებენ.
”ბეემვემ” მესამე სერიის სედანის გლობალური წარმოებისთვის, 1 მილიარდი ევროს ინვესტიცია გაიღო. ამ ავტომობილს მიუნხენის და რეგენსბურგის (გერმანია), ასევე როსლინის (სამხრეთ აფრიკა) ქარხნები გამოუშვებს. გერმანიაში ავტომობილის საბაზო ღირებულება 35 350 ევრო იქნება.

No comments:

Post a Comment