Tuesday, October 18, 2011

”პეჟო” ლე მანისთვის ჰიბრიდულ პროტოტიპს ამზადებს

Peugeot 908 Hybrid4 Racer Undergoes its Maiden Track Test
18 ოქტომბერი
მომავალ სეზონში, ”პეჟო” ლე მანის 24-საათიან რბოლაში ჰიბრიდული აგრეგატით აღჭურვილ პროტოტიპ 908-ით იასპარეზებს. მანქანის ტესტირება უკვე დაწყებულია. პირველ ტესტებზე მის საჭეს ფორმულა ერთის ყოფილი მრბოლი, ავსტრიელი ალექს ვურცი, ასევე ფრანგები - სტეფან სარაზენი და ნიკოლა მინასიანი მართავდნენ. პორტუგალიის ეშტორილის ავტოდრომზე, ”პეჟო 908 ჰაიბრიდ4-მა” სულ 300 კილომეტრი გაიარა.
სხვათა შორის, ეს მანქანა წლევანდელი ლე მანისთვისაც მზად იყო, მაგრამ ფრანგულმა კომპანიამ დიზელისძრავიანი 908HDI-ით ასპარეზობა ამოჯობინა, რისი მიზეზიც ის იყო, რომ ჰიბრიდული სარბოლი ავტომობილის დახვეწა ვერ მოესწრო. პირველი ტესტი ამ სარბოლ მანქანას ერთი თვის წინ ჩაუტარდა, თუმცა მაშინ ”პეჟომ” ეს ამბავი არ გაახმაურა. ეშტორილზე ტესტებისას კი მედიაც მიიწვია.
”პეჟო სპორტის” ტექნიკური დირექტორი ბრუნო ფამენი ამბობს, რომ პირველი ტესტების მიზანი არ ყოფილა ბევრი წრის გავლა. მთავარი იყო მანქანის სხვადასხვა კვანძების მუშაობის შემოწმება. ტესტების დროს, ავტომობილის საბაზო აგებულებაში ცვლილებები შეიტანეს. საერთო ჯამში კი, პირველმა ტესტებმა წარმატებით ჩაიარა. ფამენი ამბობს, რომ წელს ტესტების კიდევ ერთი სესია ჩატარდება, თუმცა კონკრეტული თარიღი ჯერ დაუდგენელია.
”პეჟომ” პირველად თავისი ჰიბრიდული პროტოტიპი ჟენევის წლევანდელ მოტორ შოუზე წარადგინა. ამ ავტომობილის ჰიბრიდულ სისტემაში შედის 3.7-ლიტრიანი V8 ტურბოდიზელი, რომელიც 550 ცხენის ძალას იძლევა და ელექტროძრავი, რომლის მაქსიმალური სიმძლავრეც 80 ცხენის ძალაა. ელექტროძრავს ენერგიით ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკი ამარაგებს, ტურბოდიზელთან კი 600-საფეხურიანი სეკვენტალური გადაცემათა კოლოფია შეწყვილებული. ავტომობილი ასევე აღჭურვილია კერს-ით და პიტლეინზე მხოლოდ ელექტროძრავით გადაადგილება შეუძლია.

No comments:

Post a Comment