Tuesday, October 18, 2011

”ბეემვე i3” შიდაწვის ძრავითაც აღიჭურვება

BMW i3 EV to get BMW motorcycle engine as range extender
18 ოქტომბერი
ფრანკფურტის მოტორ შოუზე ”ბეემვემ” ორი ელექტრომობილი წარადგინა, რომელთაგან ერთი მხოლოდ აკუმულატორებში დაგროვილი ენერგიით გადაადგილდება, მეორეს კი დამატებითი ენერგიის მისაღებად, რაც სვლის სიშორის გასაზრდელადაა საჭირო, შიდაწვის ძრავიც ემსახურება. პირველის სახელია i3, მეორისა კი - i8. პირველი საქალაქო ჰეჩბეკია, მეორე კი - სპორტული კუპე.
შოუს დასრულებიდან ორიოდ კვირის შემდეგ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომლის შესაბამისადაც, ბავარიელები i3-ის მყიდველს, სვლის სიშორის გასაზრდელად, შიდაწვის ძრავისა და გენერატორის ტანდემსაც შესთავაზებენ. თანაც, შიდაწვის ძრავს მოტოციკლისას გამოიყენებენ. ეს ინფორმაცია, გამოცემა ”ქონსამერ რიპორტსთან” საუბრისას, თავად ”ბეემვეს” მთავარმა ინჟინერმა, ული კრანცმა გაამჟღავნა.
ოღონდ, კრანცს არ დაუზუსტებია, თუ რომელი ძრავი აქვს მხედველობაში. ავტორიტეტული გამოცემების ექსპერტებმა გამოთქვეს მოსაზრება, რომ ეს შეიძლება იყოს ორცილინდრიანი, 0.8-ლიტრიანი აგრეგატი, რომელიც 75 ცხენის ძალას იძლევა. ამ ძრავს, ”ბეემვე” F სერიის მოტოციკლებზე იყენებს.
ფრანკფურტში წარდგენილი ავტომობილი აღჭურვილია ელექტროძრავით, რომელიც 170 ცხენის ძალას და 250 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. ძრავი უკანა ღერძზე ზის და მას ენერგიით ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკი კვებავს. ამ ძრავის წყალობით, ავტომობილს ადგილიდან ასის აკრეფა 8.0 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 150 კმ/სთ-ის ნიშნულითაა შეზღუდული. ეს კი იმისათვის კეთდება, რომ სიჩქარის ზრდას ენერგიის ხარჯიც ზრდაც მოსდევს.
აკუმულატორების სრულად დასამუხტად, 6 საათია საჭირო, სწრაფად დამმუხტავი მოწყობილობით კი, აკუმულატორი 80 პროცენტით ერთ საათში იმუხტება. აკუმულატორების ტევადობა კი მხოლოდ 160 კილომეტრის გასავლელადაა საკმარისი. ისიც მაშინ, თუ ავტომობილს ეკონომიურ რეჟიმში მართავთ.
სვლის სიშორის გასაზრდლად, აკუმულატორების ბლოკში ახალი ელემენტების დამატება შეიძლება, მაგრამ ეს წონის და ფასის მნიშვნელოვან ზრდას გამოიწვევს, რაც მიუღებელია. თანაც, გაზრდლი ბლოკის სრულად დამუხტვას მეტი დროც დასჭირდება. პატარა შიდაწვის ძრავის დახმარებით კი პრობლემის უფრო ეფექტურად გადაჭრა შეიძლება. თუმცა, გაძვირება ამ შემთხვევაშიც გარდაუვალია.
სრულად ელექტრული i3-ის წარმოებას ”ბეემვე” 2013 წელს დაიწყებს. მოგვიანებით კი მყიდველს ამ ავტომობილის იმ ვერსიას შესთავაზებს, რომელშიც სვლის სიშორის გასაზრდელად, შიდაწვის ძრავს გამოიყენებს. i3-ს ბავარიული კომპანიის ლაიპციგის ქარხანა გამოუშვებს.

No comments:

Post a Comment