Tuesday, October 18, 2011

”მაკლარენი” F1-ის შემცვლელს ცდის

McLaren F1 successor begins testing
18 ოქტომბერი
თავისი სადილერო ქსელის გაფართოების პარალელურად, ”მაკლარენ ავტომოტივი” საწარმოო პროგრამასაც აფართოებს - უკვე შეუდგა ლეგენდარულ სუპერ ავტომობილ F1-ის ”შთამომავლის” გამოცდებს. პირველი ტესტები უკვე ჩატარდა ესპანეთსა და ბაჰრეინში, რის შემდეგაც, მანქანის სრულყოფის პირველი ეტაპის დრო დადგა.
ჯერჯერობით ახალ ავტომობილს სახელი არ აქვს. არაოფიციალურად მას ”მეგა მაკს” უწოდებენ. ინგლისური კომპანია აცხადებს, რომ თავისი დინამიკური მაჩვენებლებით, ”მეგა მაკი” კონკურენციას ”ფერარი ენცოს” შემცვლელს, ”ბუგატი ვეირონს” და ”პორშეს” ჰიბრიდულ 918-ს გაუწევს.
”მეგა მაკი” ბენზინის 5.0-ლიტრიანი V8 ძრავით აღიჭურვება, რომელსაც ”მაკლარენი” კომპანია ”რიკარდოსთან” პარტნიორობით ქმნის. ძრავის სიმძლავრე 800 ცხენის ძალას (7500 ბრ/წთ-ზე), მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 799 ნიუტონმეტრს (3500-6800 ბრ/წთ დიაპაზონში) მიაღწევს. ძრავს კომპანია ”გრაცანოს” მიერ შემუშავებული 7-საფეხურიანი რობოტიზებული შეუწყვილდება. მათ კი ერთმანეთთან გადაბმის ორდისკოიანი ქურო დააკავშირებს. ამ ტანდემის დახმარებით, ”მეგა მაკი” ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფას 2.8 წამში მოასწრებს, 160 კმ/სთ-მდე ასაჩქარებლად 5.5 წამი ეყოფა, 320 კმ/სთ-მდე კი - 20 წამი.
რა თქმა უნდა, ”მეგა მაკი” კარბონის კომპოზიტისგან დამზადებულ მონოკოკურ მზიდ პლატფორმაზე აიგება (ისევე, როგორც MP4-12C), ძარაზე ექნება აქტიური აეროდინამიკური ელემენტები, ის ადაპტირებად საკიდარს დაეყრდნობა. მანქანა ასევე აღიჭურვება ხუთ რეჟიმში მომუშავე სტაბილიზაციის სისტემით, ”ბრემბოს” მიერ სპეციალურად შექმნილი სამუხრუჭე სისტემით, რომელშიც კარბონ-კერამიკული დისკოები შევა. აღჭურვილობაში ასევე შევა ტელემეტრიული მონაცემების ჩაწერის სისტემა და ვიდეოკამერა, რომელიც რბოლის მსვლელობას ჩაიწერს.
როგორც ამ კლასის ავტომობილებს შეეფერება, ”მეგა მაკსაც” შეზღუდული რაოდენობით - სულ რაღაც 500 ცალს დაამზადებენ. ყოველი ავტომობილის ღირებულება 400 000 გირვანქა სტერლინგი იქნება. ”მაკლარენის” საწარმო კვირაში მაქსიმუმ ორ-სამ ცალ ”მეგა მაკს” დაამზადებს. ავტომობილების გაყიდვას კი 2014 წელს შეუდგება.

No comments:

Post a Comment