Wednesday, October 26, 2011

ნიუ ჯერსი მეორე ამერიკულ რბოლას უმასპინძლებს

New Jersey announces Formula One race
26 ოქტომბერი
2013 წლის სეზონიდან, აშშ-ს ფორმულა ერთში ორი რბოლა ექნება. აშშ-ის დიდ პრიზს, რომელსაც მომავალ სეზონში პირველად უმასპინძლებს ოსტინის ავტოდრომი ”ცირკვიტ ოფ ამერიკას”, ნიუ ჯერსის ამერიკის დიდი პრიზი დაემატება. ტრასა მდინარე ჰადსონის პირას აშენდება, მის უკანა ფონზე კი ნიუ იორკის ჩათამბჯენების ხედი გამოჩნდება.
”მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ 2013 წლის ივნისში, ამ ადგილას ფორმულა ერთის რბოლა გაიმართება. ტრასას პორტ იმპერიალის ადგილზე ავაშენებთ და მისი სიგრძე 3.2 მილი (5.1 კილომეტრი) იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ რბოლას სამივე დღეს 100 000 ადამიანი დაესწრება. ამ რბოლის სანახავად კი ნიუ ჯერსის მთელი მსოფლიოდან უამრავი ადამიანი ეწვევა. შემიძლია, ფორმულა ერთი დავარწმუნო, რომ ეს ერთ-ერთი ბრძნული გადაწყვეტილებაა, რაც კი მათ ოდესმე მიუღიათ”, - სპეციალურად, პორტ იმპერიალის ადგილზე მოწვეულ პრესკონფერენციაზე განაცხადა შტატ ნიუ ჯერსის გუბერნატორმა კრის კრისტიმ.
მართალია, ფორმულა ერთის შეფ ბერნი ეკლსტოუნს ახალი რბოლა ჯერ არ დაუდასტურებია, მაგრამ ცნობილია, რომ ის დიდი ხანია ცდილობს, ერთი ამერიკული რბოლა ნიუ იორკში ჩატარდეს. კრისტი ამბობს, რომ ამ რბოლას, მისი შტატის ეკონომიკაზე დადებითი გავლენა ექნება.
შეგახსენებთ, რომ ამერიკიშ შეერთებულმა შტატებმა ფორმულა ერთის რბოლას ბოლოს 2007 წელს უმასპინძლა და ის რბოლა ქალაქ ინდიანაპოლისში, ლეგენდარულ ტრეკზე ჩატარდა. მსოფლიო ჩემპიონატის კალენდარში ერთბაშად ორი ამერიკული რბოლის გამოჩენა პირველი შემთხვევა არ იქნება - 70-80-იან წლებში, იქ ორ-ორი ეტაპი ტარდებოდა, 1982 წელს კი სამი რბოლა ჩატარდა.
ცნობისათვის, ამერიკის ტერიტორიაზე ფ1-ის რბოლები რამდენიმე ქალაქში ჩატარებულა. ეს ქალაქებია: უოტკინს გლენი (ნიუ იორკი), ლონგ ბიჩი (კალიფორნია), ლას ვეგასი (ნევადა), დეტროიტი (მიჩიგანი), დალასი (ტექსასი), ფინიქსი (არიზონა) და ინდიანაპოლისი (ინდიანა). როიტერის ცნობით, ნიუ ჯერსის ეტაპის ორგანიზატორებს ბერნი ეკლსტოუნთან ათწლიანი კონტრაქტი აქვთ გაფორმებული.

No comments:

Post a Comment