Tuesday, October 25, 2011

”ოპელი” ელექტრომობილებს გამოუშვებს

Opel plans electric car offensive

25 ოქტომბერი
”ჯენერალ მოტორსის” ევროპულ შტო ”ოპელ/ვოქსოლს” სურს, რომ ელექტრომობილების წარმოებაში, ევროპის ლიდერი გახდეს. ამის შესახებ, გამოცემა ”ავტომოტივ ნიუს იუროპთან” საუბრისას, ”ოპელის” გაყიდვებისა და მარკეტინგის შტოს შეფმა ალენ ვიზერმა განაცხადა.
”ოპელი” მალე ბაზარზე პლაგ-ინ ჰიბრიდულ ”ამპერას” გამოუშვებს. და ეს მისი პირველი ელექტრომობილი იქნება (ამ ავტომობილს მამოძრავებელ ძალას მხოლოდ ელექტროძრავი ანიჭებს). ოღონდ, ”ამპერა”, რომელიც ”შევროლე ვოლტის” ანალოგია, შიდაწვის ძრავითაცაა აღჭურვილი, რომლის დანიშნულებაც, გენერატორთან ერთად, ელექტროენერგიის გამომუშავებაა, რითაც ავტომობილის სვლის სიშორე იზრდება.
”ოპელს” ”ამპერაზე” უკვე 6 000-ზე მეტი წინასწარი შეკვეთა აქვს მიღებული და იმედოვნებს, რომ მომავალ წელს, დაახლოებით 10 000-ის გაყიდვას შეძლებს. გარდა ამისა, გერმანული კომპანია წარმოებისთვის კიდევ ორ ელექტრომობილს ამზადებს. მათგან ერთის კონცეპტუალური ვერსია ახლახანს, ფრანკფურტის მოტორ შოუზე ვიხილეთ RAK e-ს სახით. მეორე კი მინი ელექტრომობილი იქნება.
”მალე გადავწყვეტთ, გამოვუშვათ თუ არა RAK e ბაზარზე. თუ მას მწვანე შუქს ავუნთებთ, მაშინ მისი წარმოების დაწყებას 2013 წელს შევძლებთ”, -  ამბობს ვიზერი. სხვადასხვა არაოფიციალური წყაროს ინფორმაციით, ამ ორადგილიანი ელექტრომობილის სავარაუდო ფასი 10-12 ათასი ევრო იქნება. და მას KTM-ის შვილობილ კომპანია ”კისკა-ს” ზალცბურგის ქარხანა გამოუშვებს. ცნობისათვის, ”კისკა-ს” სპეციალისტებმა, RAK e-ს შემუშავებაში უშუალო მონაწილეობა მიიღეს.
ვიზერი დასძენს, რომ ”ოპელი” უკვე მუშაობს ელექტრული მინიქარის შექმნაზეც, თუმცა მის შესახებ დეტალებზე არ უსაუბრია. დიდია ალბათობა იმისა, რომ ეს იქნება ”შევროლე სპარკის” ელექტრული ვერსიის ანალოგი. ამ ავტომობილს ”ჯენერალ მოტორსი” 2013 წელს გამოუშვებს.
ვიზერის მიზანს, გახდეს ევროპაში ელექტრომობილების უდიდესი მწარმოებელი, სერიოზული გამოცდა ელის, რადგან ძველ კონტინენტზევე მას უსერიოზულესი კონკურენტი ჰყავს ”რენოს” სახით, რომელიც თავის თანაალიანსელ ”ნისანთან” ერთად, ელექტრომობილების ბაზარზე მსოფლიო ლიდერობას ისახავს მიზნად. ამ მიზნის მისაღწევად კი 4 მილიარდი ევროს ინვესტირებას აპირებს. ფრანგულ-იაპონური ალიანსი ვარაუდობს, რომ 2016 წელს მთელს მსოფლიოში 1.5 მილიონ ელექტრომობილს გაჰყიდის.
”რენოს” მთავარმა საოპერაციო დირექტორმა კარლოს ტავარესმა განცხადა: ”ზოგი შეიძლება ფიქრობს, რომ ელექტრომობილებთან დაკავშირებული ჩვენი სტრატეგია დიდი ფსონია. მაგრამ ჩემთვის ეს ფსონი კი არა, დიდი სადაზღვევო პოლისია”.

No comments:

Post a Comment