Wednesday, October 5, 2011

ბატონმა ”მაკლარენთან” მრავალწლიანი კონტრაქტი გააფორმა

Button secures new multi-year contract at McLaren
5 ოქტომბერი
ბევრი მითქმა-მოთქმის მიუხედავად, რომლებიც ჯენსონ ბატონის ”მაკლარენიდან” შესაძლო წასვლას ეხებოდა, მსოფლიოს 2009 წლის ჩემპიონმა ბრიტანულ გუნდთან მრავალწლიანი კონტრაქტი გააფორმა. მართალია, ბოლო ორ სეზონში, რომლებიც ჩემპიონის ტიტულის მოპოვების შემდეგ, ”მაკლარენში” აქვს გატარებული, მხოლოდ ოთხი რბოლის მოგება შეძლო, თუმცა გუნდს ბატონის დატოვება მაინც სურდა.
”ასეთი კარგი ურთიერთობა სხვა გუნდებთან ადრე არასდროს მქონია. ”მაკლარენში” თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ ოჯახში. ჩემს ცხოვრებაში ოთხი ყველაზე დიდი გამარჯვება სწორედ ამ გუნდთან ერთად მაქვს მოგებული. ჯერჯერობით, ჩემპიონატში მეორე ადგილზე ვარ და რაც მთავარია ვგრძნობ, რომ ასეთ კარგ ფორმაში ადრე არასდროს ვყოფილვარ. ამის მიღწევა კი შემთხვევითობა არაა. ეს შეუძლებელია, როცა სათანადო მხარდაჭერით ვერ უზრუნველგყოფენ. ამ გუნდში ყველა გაცილებით მეტადაა ორგანიზებული და მობილიზებული, ვიდრე სხვაგან”, - ამბობს ბატონი, ვისაც ჩემპიონტში მეორე ადგილი უკავია.
”როგორც მრბოლს, ეს გუნდი უზარმაზარი ენერგიით მმუხტავს და გამარჯვებისთვის განმაწყობს. და როცა ასეა, ყოველთვის ურთიერთობის გაგრძელებაზე ფიქრობ. მე ყოველთვის ვამბობ, რომ მომავალშიც რბოლების და ტიტულების მოგება, ჩემი მთავარი მიზანი იქნება. მჯერა, ეს ის ადგილია, სადაც ამ მიზნების მიღწევას შევძლებ. ”მაკლარენში” ყველამ იცის, როგორ მიაღწიოს გამარჯვებას. და ჩვენ ახლა სწორედ იმაზე ვზრუნავთ, რომ მომავალშიც ასე გავაგრძელოთ”, - დასძენს ბატონი.
თავისი პილოტისთვის ქათინაურები არც ”მაკლარენის” შეფ მარტინ უიტმარშს დაუშურებია: ”ჯენსონი შესანიშნავი მრბოლი და ადამიანია. თავისუფლად შემიძლია განვაცხადო, რომ ის ერთ-ერთი საუკეთესოა მათ შორის, ვისთანაც ოდესმე საქმე გვქონია. და ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ ის ჩვენთან დიდხანს დარჩება. ვამაყობ იმით, რომ იმ გუნდის შეფი ვარ, რომელშიც ის ირიცხება. დარწმუნებული ვარ, ჩვენთან ერთად ის გაცილებით მეტს მიაღწევს, ვიდრე აქამდე მიუღწევია”.
ამასთან, უიტმარში ამბობს, რომ ბატონი და ლუის ჰამილტონი, დღევანდელ ფორმულა ერთში საუკეთესო წყვლის ქმნიან და რაც მთავარია, ისინი ერთმანეთს პატივისცემით ეპყრობიან”.
კმაყოფილია ჰამილტონიც: ”გამიხარდა, როცა გავიგე, რომ ჯენსონი ჩვენთან დარჩა. ის შესანიშნავი პიროვნებაა  და მასთან მუშაობა სიამოვნებას მანიჭებს. ასეთ თანაგუნდელზე კი მხოლოდ ოცნება თუ შეიძლებოდა”.

No comments:

Post a Comment