Monday, October 17, 2011

ორი ტიტულის მჭედელი მესამეს ჭედვას შეუდგა

Double done, Red Bull aim for triple
17 ოქტომბერი
ფოტოთი ალბათ იცანით - ედრიან ნიუი, სუპერ ინჟინერი და საინჟინრო შტაბის შეუდარებელი ორგანიზატორი, ”რედ ბულ რეისინგის” საჩემპიონო მანქანების მთავარი შემოქმედი. ადამიანი, რომლის მიერ შექმნილმა მანქანებმაც, უკვე სამ გუნდს მოაპოვებინა საჩემპიონო ტიტულები.
იმ დროს, როდესაც მისი გუნდი კორეაში კონსტრუქტორთა თასზე გამარჯვებას ზეიმობდა, ნიუი პლანეტის მეორე მხარეს იმყოფებოდა - ის უკვე შესდგომია ახალი მანქანის შემუშავებას, მანქანისა, რომლითაც ”რედ ბული” მომავალ სეზონში მესამე ტიტულ(ებ)ისთვის იბრძოლებს.
”ჩვენ ახლა მთლიანად ახალ მანქანაზე ვართ ფოკუსირებული. ოთხი თვეც აღარ დაგვრჩა იმისათვის, რომ სრულიად ახალი მანქანა შევიმუშაოთ და ტრასაზე გამოვიყვანოთ. სწორედ ეს იყო იმის მიზეზი, რომ ედრიან ნიუიმ კორეაში წამოსვლისგან თავი შეიკავა. ის ახლა ბრიტანეთში იმყოფება და ახალ მანქანაზე მუშაობს”, - კორეაში სებასტიან ფეტელის გამარჯვების შემდეგ განაცხადა ”რედ ბულ რეისინგის” შეფმა ქრისტიან ჰორნერმა.
ცნობისათვის, ზედიზედ სამჯერ (და მეტჯერ) ორმაგი დუბლი მხოლოდ ორ გუნდს - ”ფერარის” (ხუთჯერ: 2000, 2001, 2002, 2003 და 2004 წლებში) და ”მაკლარენს” (ოთხჯერ: 1988, 1989, 1990 და 1991 წლებში) აქვს შესრულებული, ზედზედ ორჯერ კი, ”რედ ბულის” გარდა, ”კუპერს” (1959, 1960 წლებში), ”ბრებჰემს” (1966 და 1967 წლებში) და ”უილიამსსაც” (1992 და 1993 წლებში, ასევე 1996 და 1997 წლებში) აქვთ შესრულებული.
”რედ ბული” არ მალავს, რომ დარჩენილ სამ ეტაპზე, მათი მიზანი ახალი მანქანის ცალკეული ელემენტების ტესტირება იქნება. თუმცა ისიც ფაქტია, რომ ფეტელი და კომპანია მიღწეულს არ დასჯერდებიან. პირველ რიგში, მეორე ადგილისთვის იბრძვის ჩემპიონის ავსტრალიელი თანაგუნდელი მარკ უებერი. და როგორც ჰორნერი ამბობს, ეს მიზანი პრიორიტეტულია.
გარდა ამისა, ფეტელს შეუძლია, გაიმეოროს ლეგენდარულ თანამემამულე მიხაელ შუმახერის მიღწევა - ერთ სეზონში 13 გამარჯვება, რომელიც მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონმა 2004 წელს დააფიქსირა. უფრო ადვილად ხელმისაწვდომია ნაიჯელ მენსელის 1992 წლის მიღწევა - ერთ სეზონში 14 პოული. ფეტელის ანგარიშზე ჯერჯერობით 12 პოულია და დიდი შანსია იმისა, რომ მან ბიგ ნაიჯის რეკორდი გააუმჯობესოს კიდეც.

No comments:

Post a Comment