Monday, October 17, 2011

ტრაგედია ლას ვეგასში

Indy 500 champion Wheldon dies after crash
17 ოქტომბერი
ლას ვეგასში, ინდიქარის წლევანდელი სეზონის დამამთავრებელ რბოლაში მომხდარმა ავარიამ, რომელშიც 15 მანქანა დაიმტვრა, ინდი 500-ის ორგზის გამარჯვებულის და ინდიქარის 2005 წლის ჩემპიონის, ბრიტანელი დენ უელდონის სიცოცხლე შეიწირა.
ლას ვეგასის ”მოტორ სპიდუეიზე” (ოვალზე), ინდი 300-ის რბოლის მე-13 წრეზე, მეორე მოსახვევის შემდგომ სწორზე, როდესაც პელოტონის შუაში მიმავალმა ერთ-ერთმა მანქანამ მოულოდნელად იცვალა ტრაექტორია. მას უმალ უკნიდან მომავალი მანქანა შეეჯახა. მოულოდნელად წარმოქმნილ ხიფათს კი რამდენიმე პილოტმა ვერ დააღწია თავი. სულ ავარიაში 15 მანქანა მონაწილეობდა, რომელთა უმეტესობაც სერიოზულად დაშავდა.
ავარიის მომენტში, როდესაც მანქანები დაახლოებით 360 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდნენ, უელდონი პელოტონის უკანა რიგებში იმყოფებოდა. ის ერთ-ერთ წინ მიმავალ და დატრიალებულ მანქანას შეეჯახა, რამაც მისი მანქანა ჰაერში ააგდო და რამდენიმე ბრუნის შემდეგ ბეტონის კედელს მიანარცხა. უელდონის გარდა, სერიოზულ ტრავმას ყველა გადაურჩა. სამწუხაროდ, ბრიტანელმა თავის მძიმე ტრავმები მიიღო - კედელთან შეჯახებას მისი ბოლიდის დამცავმა რკალმა ვერ გაუძლო... უელდონი მაშინვე ლას ვეგასის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს, მაგრამ სამწუხაროდ, უკვე გვიანი იყო...
რა თქმა უნდა, რბოლა შეწყდა და არ განახლებულა. მოგვიანებით, მრბოლები თავიანთი ბოლიდებით ტრასას დაუბრუნდნენ და დაღუპული კოლეგისთვის და მეგობრისთვის პატივის მისაგებად, ოვალს ხუთჯერ შემოუარეს. ბოქსში დაბრუნების შემდეგ, შოტლანდიელი დარიო ფრანკიტი (ინდი 500-ის ორგზის გამარჯვებული და ინდიქარის სერიის ოთხგზის ჩემპიონი) მანქანიდან ძლივს ამოვიდა - ის ბავშვივით ტიროდა...
უელდონი თანმედროვე ინდქარის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურა იყო. 33 წლის ასაკში, ლეგენდარული ინდი 500 მას ორჯერ, 2005 და 2011 წლებში ჰქონდა მოგებული. 2005 წლის სეზონში კი ინდიქარის ჩემპიონიც გახდა. ცნბისათვის, წელს ინდი 500-ს 100 წელი შეუსრულდა და უელდონმა სწორედ ეს საიუბილეო რბოლა მოიგო. თანაც, სრულიად შემთხვევით - 800-კილომეტრიანი რბოლის ბოლო მოსახვევში, ავარია მოუვიდა რბოლის ლიდერ ჯეი არ ჰილდებრანდს, რისი წყალობითაც, ფინიშის ხაზი პირველმა უელდონმა გადაკვეთა... უელდონს ინდიქარში სულ 16 რბოლა აქვს მოგებული, 2003 წელს კი სერიის საუკეთესო ახალბედად დაასახელეს. ინდიზე გამარჯვების მიუხედავად, უელდონს ამ სეზონში აღარ უასპარეზია და მას შემდეგ ეს მისი მეორე რბოლა იყო...
”რბოლები ძალიან მიყვარს, მაგრამ ასეთ ავარიებზე იგივეს ვერ ვიტყვი... სხვისი უმნიშვნელო შეცდომა ასე ძვირი დაჯდა... სულ რამდენიმე წუთის წინ, მრბოლთა წარდგენისას, ერთად ვიცინოდით, ახლა კი ის აღარ არის... ექვსი წლის იყო, როდესაც პირველად შევხვდი. მერე კი თანაგუნდელებიც გავხდით. რბოლების დროს ერთმანეთს არ ვზოგავდით, დღეს კი ამ ყველაფერმა უეცრად დაკარგა ფასი...”, - განაცხადა ფრანკიტიმ, ვინც უელდონის თანაგუნდელი ”ანდრეტი გრინ რეისინგში” ასპარეზობის პერიოდში იყო. ამ ტრაგიკულ დღეს კი, ინდიქარის 2011 წლის სეზონის ჩემპიონად გამოცხადდა.

No comments:

Post a Comment