Friday, October 7, 2011

C-X16 - ”იაგუარის” მომავალი

შარშან, პარიზის საავტომობილო შოუზე, ინგლისურმა კომპანია ”იაგუარმა” შესანიშნავი ჰიბრიდული კონცეპტუალური ავტომობილი ავტომობილი - C-X75 გვიჩვენა. ამ ავტომობილის ყოველ ბორბალს ”თავისი” ელექტროძრავი ამუშავებს, ენერგიით მათი უზრუნველყოფას კი ორი პატარა გაზტურბინული აგრეგატის და გენერატორის ტანდემი ემსახურება.
მაგრამ იმ ავტომობილს სერიული წარმოების არავითარი შანსი არ ჰქონდა. ამჯერად კი, ფრანკფურტის შოუზე, ”იაგუარმა” ახალი კონცეპტი გვიჩვენა, სახელად C-X16, რომელსაც კონვეიერზე დადგომის რეალური შანსი აქვს. ერთი შეხედვით, ამ ავტომობილმა მოძველებული XK უნდა შეცვალოს, თუმცა რეალურად ასე არაა. C-X16 უფრო პატარა ავტომობილია და ”პორშე კაიმანის” კონკურენტად მოიაზრება.
კონცეპტუალური C-X16 ჰიბრიდული სისტემითაა აღჭურვილი, რომელშიც ძირითადი აგრეგატია 3.0-ლიტრიანი მექანიკურდამჭირხნიანი V6, 380 ცხენის ძალით, მასთან ტანდემში კი 95-ცენისძალიანი ელექტროძრავი მუშაობს, რომელიც 8-საფეხურიანი ავტომატური ტრანსმისიის სტრუქტურაშია ინტეგრირებული.
კონცეპტუალური ავტომობილი ასევე აღჭურვილია კინეტიკური ენერგიის რეგენერაციის სისტემით (კერს), რომლის გამოყენებაც აჩქარების დროს შეიძლება. ამისათვის, საჭირო იქნება საჭის რგოლზე მოთავსებულ სპეციალურ ღილაკზე თითის დაჭერა, როგორც ეს ფორმულა ერთის მანქანებზეა. კერს-ი მამოძრავებელ ძალას მხოლოდ უკანა ბორბლებს აწვდის.
”იაგუარმა” ასევე კონცეპტუალური C-X16-ის სიჩქარის მახასიათებლები გამოაქვეყნა: კერძოდ, ადგილიდან ასამდე აჩქარებისთვის, 1600-კილოგრამიან მანქანას 4.4 წამი ჰყოფნის, მისი მაქსიმალური სიჩქარე 300 კმ/სთ-ია.

No comments:

Post a Comment