Friday, October 7, 2011

”ფრენდზი” – ”რენოს” კიდევ ერთი ელექტრომობილი

ფრანგული კომპანიის ფრანკფურტულ ექსპონატს ბევრი საინტერესო თვისება აქვს. ჯერ ერთი, ის ელექტრომობილია. მეორეც, ”რომბებმა” კიდევ ერთხელ გვიჩვენეს თავიანთი მომავალი კორპორატიული სტილი. და, რაც ყველაზე საინტერესოა, ამ ერთი ავტომობილის სახით, ჩვენ ვიხილეთ როგორც სამგზავრო მინივენი, ასევე მცირე სატვირთო ფურგონი.
”ფრენდზის” მძღოლის მხარე გვიჩვენებს, თუ როგორი იქნება ამ ავტომობილის სამგზავრო ვერსია. ავტომობილის მეორე მხარე კი საბარგო ვერსიის სტილშია შესრულებული. ეს იმაში გამოიხატება, რომ უკანა კარი გაუმჭვირვალეა. თან ის ავტომობილის გასწვრივ იღება. წინა კარი ორივე მხარეს ჩვეულებრივია. მძღოლის მხარეს უკანა კარი კი წინას საპირისპიროდ იღება. ორივე მხარეს, ავტომობილს შუა საყრდენი არ გააჩნია. საბარგულის კარზე მონიტორია დამონტაჟებული, რომელზეც სარეკლამო ხასიათის სხვადასხვა გამოსახულების და ბანერის ჩვენებაა შესაძლებელი.
”ფრენდზის” ექსტერიერის დიზაინერი დეიან დენკოვი ამბობს, რომ ასიმეტრიული ძარის მეშვეობით, მან ერთი ავტომობილით, მისი ორი ვერსიის ჩვენება შეძლო. ამასთან, აღიარებს, რომ სურდა, ავტომობილისთვის უფრო ემოციური, დინამიური და მომხიბლავი სახე მიეცა. დიზაინზე მუშაობისას კი შთაგონება ბევრი წყაროსგან მიიღო, რომელთა შორისაც, ”ერბასის” სატვირთო ლაინერი ”ბელუგაა”.
რაც შეეხება აღჭურვილობას, ”ფრენდზიმ” ის ”რენოს” სერიულ ელექტრულ მინივენ ”კანგუ ZE-სგან” მიიღო. ავტომობილს მამოძრავებელ ძალას 60-ცხენისძალიანი ელექტროძრავი ანიჭებს, რომლის დახმარებითაც, მაქსიმალური სიჩქარე 135 კმ/სთ-ს აღწევს.

No comments:

Post a Comment