Saturday, November 5, 2011

კუბიცას კიდევ ერთ ოპერაციას გაუკეთებენ

Kubica set for new wrist operation
5 ნოემბერი
როგორც ჩანს, პოლონლი რობერტ კუბიცა ვერც მომავალი სეზონის დასაწყისში შეძლებს ფორმულა ერთის რბოლებში დაბრუნებას, რადგან მის მკურნალობას გაცილებით მეტი დრო სჭირდება, ვიდრე ახლახანს მისი ექიმები ვარაუდობდნენ. საქმე ისაა, რომ ”რენოს” (მომავალი სეზონიდან ლოტუსის) პილოტს მარჯვენა მაჯაზე კიდევ ერთი ოპერაციის გაკეთება სჭირდება. ეს ინფორმაცია იტალიურმა გაზეთმა ”ლა გაძეტა დელო სპორტმა” გამოაქვეყნა.
როგორც ჩანს, მომავალ სეზონში ”ლოტუსის” პილოტები რუსი ვიტალი პეტროვი და სერია გრანპრი2-ის ფრანგი-შვეიცარიელი ჩემპიონი რომენ გროჟანი იქნებიან. კუბიცა კი, შესაძლოა, გუნდს ევროპული სეზონიდან, ან საერთოდ აღარ დაუბრუნდეს. ასეთი ვარაუდის საფუძველს იძლევა გუნდის შეფ ერიკ ბულიეს არაერთი განცხადება იმის შესახებ, რომ მას პოლონელისგან გარკვეული პასუხი უახლოეს მომავალში სჭირდება, რათა გუნდი რაც შეიძლება, მალე დააკომპლექტოს.
”კუბიცას მარჯვენა ხელი კარგად მუშაობს, ჩვენ გაკვირვებულები ვართ, იმდენად კარგად. მან მითხრა, რომ უკვე შეუძია მანქანის მართვა. ეს ნამდვილი სასწაულია. მაგრამ მაჯაზე ოპერაციის გაკეთება მაინც მოგვიწევს, რათა მისი ფუნქცია მთლიანად აღსდგეს”, - ამბობს პილოტის ექიმი იგორ როსელო და დასძენს, რომ კუბიცას სრულ რეაბილიტაციას კიდევ რამდენიმე თვე დასჭირდება.
ახლა ჯერი ბულიეზეა, რომელმაც განაცხადა, რომ კუბიცასთან შეხვედრას აპირებს და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას. ის უკვე ლაპარაკობს სხვა ოპციებზე და დასძენს, რომ მისდა სამწუხაროდ, ამაზე ფიქრი უწევს, რადგან ექიმებისგან გარკვეული პასუხი ჯერ არ ისმის.

No comments:

Post a Comment