11 დეკემბერი
რუსთავის ახალმა ავტოდრომმა, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებითაა აგებული და ჯერ ბოლომდე დასრულებულიც არაა, პირველ რბოლებს 10–11 დეკემბერს უმასპინძლა. მათში კი, ქართველების გარდა, რუსეთიდან მოწვეული მრბოლებიც მონაწილეობდნენ.
როგორც საქართველოს ავტოსპორტის ფედერაციამ გამოაცხადა, ეს იყო ტრასის ტექნიკური გახსნა, გაზაფხულიდან კი ის რეალურად ამოქმედდება და საქართველოს ჩემპიონატის პირველ ეტაპს უმასპინძლებს.
რბოლები ერთდროულად რამდენიმე კლასში ჩატარდა. მათგან ფორმულა ალფას მანქანები, როგორც ყველაზე სწრაფები, სტარტზე ცალკე დადგნენ, დანარჩენი კლასების (ტურინგი, ლეჯენდსი) მონაწილეებმა კი ერთად იასპარეზეს.
მართალია, სტარტზე ყველაზე ცოტა, 6 ავტომობილი ფორმულა ალფას (ღიაბორბლიანი, ფორმულას ტიპის სარბოლი ავტომობილები ალფა რომეოს ძრავებით) კლასში დადგა, მაგრამ მათი ასპარეზობა მაინც ძალიან საინტერესო გამოდგა და საბოლოოდ რუსი ვიქტორ შაიტარის დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა. მეორე ადგილი დავით რამიშვილმა დაიკავა, რომელიც სპეციალურად ამ რბოლისთვის ჩამოვიდა მოსკოვიდან. მესამეზე კი ირაკლი ჩხეიძე გავიდა, რომელსაც სპეციალისტები კარგ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.
ტურინგის კვარცხლბეკი (მარცხნიდან): ლომაძე, ბიძნაშვილი, ბეჟაშვილი |
დანარჩენი კლასებისთვის, შაბათსაც და კვირასაც ორ–ორი რბოლა ჩატარდა, რომლებშიც ყველაზე სწრაფები, ტურინგის კლასის ავტომობილებით მოასპარეზენი იყვნენ. მათ შორის კი ყველაზე გამორჩეული არჩილ ბიძინაშვილი იყო, რომელმაც ოთხიდან სამი რბოლა მოიგო. ერთი რბოლის გამარჯვებული კი ზურაბ ბეჟაშვილი გახდა, რომელსაც დანარჩენ რბოლებში, დაძაბული პაექრობა ჰქონდა სანდრო ლომაძესთან და ლევან კვინიკაძესთან. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ კვირის რბოლების სტარტზე, ძალიან სწრაფი იყო ლეჯენდსის კლასის მანქანით მოასპარეზე დავით ქაჯაია, რომელმაც ორჯერვე მოახერხა სტარტზე დაწინაურება, თუმცა ორივე შემთხვევაში, მას „ჰონდა სივიკით“ მოასპარეზენი ასწრებდნენ.
ფორმულა ალფას კვარცხლბეკი (მარცხნიდან): ჩხეიძე, შაიტარი, რამიშვილი |
საერთო ჯამში, რბოლები ძალიან საინტერესო გამოდგა, თუმცა იმის გამო, რომ გუნდები ჯერ ბოლომდე დაკომპლექტებულები არ არიან, სტარტზე შედარებით ცოტა მანქანა ვიხილეთ. გაზაფხულიდან კი, როდესაც რუსთავის ახალი ავტოდრომის მშენებლობა დასრულდება, იქ გაცილებით საინტერესო რბოლების მომსწრენი გავხდებით. კულუარებში გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის რბოლებში მონაწილეობას რუსი და ფინელი პილოტებიც აპირებენ, რაც სანახაობას კიდევ უფრო საინტერესოს გახდის...
ბიძნაშვილი ლიდერობს, კვალში კი ქაჯაია და ბეჟაშვილი უდგანან |
შაბათი
ტურინგი. პირველი რბოლა
1. არჩილ ბიძინაშვილი, 2. სანდრო ლომაძე, 3. ზურაბ ბეჟაშვილი
მეორე რბოლა
1. ზურაბ ბეჟაშვილი, 2. არჩილ ბიძინაშვილი, 3. ლევან კვინიკაძე
ლეჯენდსი. პირველი რბოლა
1. დავით ქაჯაია, 2. გიორგი ბეჟიტაშვილი, 3. ლაშა ჭანტურია
მეორე რბოლა
1. დავით ქაჯაია, 2. შოთა აფხაზავა, 3. ლაშა ჭანტურია
კვირა
ტურინგი. პირველი რბოლა
1. არჩილ ბიძინაშვილი, 2. ზურაბ ბეჟაშვილი, 3. სანდრო ლომაძე
მეორე რბოლა
1. არჩილ ბიძინაშვილი, 2. ლევან კვინიკაძე, 3. ზურაბ ბეჟაშვილი
ლეჯენდსი. პირველი რბოლა
1. დავით ქაჯაია, 2. გიორგი ბეჟიტაშვილი, 3. შოთა აფხაზავა
მეორე რბოლა
1. დავით ქაჯაია, გიორგი ბეჟიტაშვილი, 3. მიხაილ მაკაროვსკი (რუსეთი)
ფორმულა ალფა
1. ვიქტორ შაიტარი (რუსეთი), 2. დავით რამიშვილი, 3. ირაკლი ჩხეიძე
No comments:
Post a Comment