Romain Grosjean joins Kimi Raikkonen at Lotus Renault for 2012
12 დეკემბერი
„ლოტუს რენომ“ მეორე პილოტის ვინაობაც გაგვაცნო. მომავალ სეზონში კიმი რაიკონენის თანაგუნდელი ფრანგული წარმოშობის შვეიცარიელი რომენ გროჟანი იქნება, რომელიც გასულ სეზონში, ამავე გუნდის (რომელიც რენოს სახელით გამოდიოდა) სარეზერვო პილოტი იყო. გუნდში გროჟანი რუს ვიტალი პეტროვს შეცვლის. იმავდროულად, „ლოტუს რენომ“ გამოაცხადა, რომ კონტრაქტი გააგრძელა თავის მთავარ სპონსორთან – ნავთობკომპანია „ტოტალთან“.
„ძალიან მიხარია, რომ მომავალ სეზონში გუნდის საპრიზო პილოტი ვიქნები. ჩემთვის ეს დიდი პატივია. მე ვიქნები მსოფლიო ჩემპიონის თანაგუნდელი, რომელსაც გამარჯვებები ისევ სწყურია. ეს მე დიდ გამოცდილებას შემძენს და დარწმუნებული ვარ, უკეთეს მრბოლად ჩამომაყალიბებს. ვგრძნობ, რომ გრანპრი2–ის სერიაში გატარებულმა სეზონმა იმაზე გაცილებით სრულყოფილ მრბოლად მაქცია, ვიდრე ფ1–ში ჩემი დებიუტისას ვიყავი. ჩემთვის ენსტოუნში დაბრუნება, სახლში დაბრუნების ტოლფასია. ვეცდები, გუნდი არ გავაწბილო. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვის გარეშეც, ეს დაბრუნება შეუძლებელი იქნებოდა. ამათგან განსაკუთრებით „ტოტალს“ გამოვყოფდი, რომელიც 2006 წლიდანაა ჩემი სპონსორი. ასევე კომპანია „გრავიტი სპორტ მენეჯმენტს“, რომელიც ჩემს საქმეებს განაგებს“, – განაცხადა გროჟანმა, ვინც გასულ სეზონში, სერია გრანპრი2–ის ჩემპიონი გახდა.
„ლოტუს რენოს“ შეფმა ერიკ ბულიემ ჯერ კიდევ რაიკონენთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ განაცხადა, რომ მისი გუნდი განვითარების ახალ ციკლს იწყებს და რომ ამ ციკლის ერთ–ერთი მთავარი შემოქმედი შეიძლება გროჟანი გახდეს, რომლის ნიჭსაც ის სრულად ენდობა.
როგორც ცნობილია, „ლოტუს რენოს“ პეტროვისთვის მოსაფიქრებლად დრო ჰქონდა მიცემული, რათა რუსს თავისი მომავალი თავად გადაეწყვიტა. მაგრამ ბულიეს მისგან პასუხი არ მიუღია, რამაც გროჟანთან კონტრაქტის გაფორმება დააჩქარა. რაც შეეხება ბრაზილიელ ბრუნო სენას, ისიც უგუნდოდ დარჩა. იყო ვარაუდი, რომ გუნდი მას დაიტოვებდა, მაგრამ დიდი აირტონ სენას დისშვილს ვერც ბიძის ავტორიტეტმა უშველა და ვერც სპონსორთა მხარდაჭერამ.
No comments:
Post a Comment