Sunday, December 25, 2011

„აუდი“ R8–ს შემცვლელს ამზადებს

The Low-Down on the R8's Upcoming Facelift and 2014 Replacement
24 დეკემბერი
ამ ავტომობილის გამოშვებას „აუდი“ ახლა რომ იწყებდეს, ალბათ ყველას აღაფრთოვანებდა. R8 ალბათ უცვლელად უფრო დიდხანსაც გაძლებდა ბაზარზე, მაგრამ ის უკვე ხუთი წელია, რაც იყიდება, რაც იმას ნიშნავს, რომ შეცვლის დრო მოუახლოვდა. და გერმანული კომპანია ამ ცვლილებას დიდი მონდომებით ამზადებს.

მაგრამ სანამ ამ შუაძრავიან სუპერ ავტომობილს შეცვლის (2014 წელს), ჯერ მის გაუმჯობესებულ ვარიანტებს გამოუშვებს. გაუმჯობესება კი პირველ რიგში, ძრავებს შეეხება. მერმისს ბაზარზე გამოვა მოდიფიცირებული R8, რომელსაც გაძლიერებული ძრავი და ახალი ტრანსმისია ექნება.
4.2–ლიტრიანი V8 ძრავის სიმძლავრე 444 ცხენის ძალამდე, 5.2–ლიტრიანი V10–სა კი 533 ცხენის ძალამდე გაიზრდება. ძრავებს 7–საფეხურიანი ნახევრად ავტომატური კოლოფი (ორდისკოიანი ქუროთი) შეუწყვილდება, რომელიც 6–საფეხურიან სეკვენტალურ კოლოფს შეცვლის. გარდა ამისა, როგორც ბრიტანული გამოცემა „ქარ მეგზინი“ გვამცნობს, მალე ბაზარზე გამოვა R8–ს ელექტრული ვერსია, რომელიც შეზღუდული რაოდენობით გაიყიდება.
რაც შეეხება მეორე თაობის R8–ს, ის პირველისგან ბევრი რამით იქნება განსხვავებული. უპირველესად, შეიცვლება ალუმინის პლატფორმა. ახალიც მეტწილად ალუმინისგან დამზადდება, მაგრამ მისი სატრანსმისიო გვირაბი კარბონის კომპოზიტისა იქნება. ახალი შასის წონა დაახლოებით 100 კილოგრამით შემსუბუქდება და იმავდროულად, მისი სიმტკიცე 13 პროცენტით გაიზრდება. სავარაუდოდ, ახალ არქიტექურას, რომელიც „მოდულარ სპორტს ქარ სისტემის“ სახელითაა ცნობილი, „ლამბორგინის“ ახალ „გალიარდოზე“ გამოიყენებენ. ორივე ავტომობილის პლატფორმას კი „პორშეს“ სპეციალისტები შეიმუშავებენ.
მცირედით გაიზრდება ძრავების სიმძლავრეც: 4.2–ლიტრიანისა 450, 5.2–ლიტრიანისა კი – 550 ცხენის ძალამდე. ამასთან, არაა გამორიცხული, რომ V10 ძრავი ახალი, 14.0–ლიტრიანი V8–ით შეიცვალოს, რომელიც ახლახანს „ბენტლი კონტინენტალ GT–სა“ და „აუდი S7–ზე“ გამოჩნდა. სავარაუდოდ, ამ ძრავის სიმძლავრე 600 ცხენის ძალამდე გაიზრდება.
რაც შეეხება დიზაინს, ის ახლანდელისგან განსხვავებული იქნება. საერთოდ, ინგოლშტადტელები ამ მიმართულებით, ახალ მიდგომას აყალიბებენ, რომლის არსიც იმაში მდგომარეობს, რომ სედანებს, ქროსოვერებსა და სპორტულ ავტომობილებს ერთმანეთისგან განსხვავებული დიზაინი ექნება.

No comments:

Post a Comment