This is a 250-horsepower, Ferrari-powered quad
23 დეკემბერი
სად კვადროციკლი და სად „ფერარის“ ძრავი? მართებული კითხვაა, მაგრამ მასზე ფრანგულ კომპანია „ლუდოვიკ ლაზარეთის“ ინჟინრებმა ის პასუხი გასცეს, რომელიც გონებაშიც არავის მოუვიდოდა – რატომაც არა!
და მათ სუპერ ავტომობილების მწარმოებელი იტალიური კომპანიის 3.0–ლიტრიანი V8, რომელიც 250 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, ოთხ ბორბალს შორის მოათავსეს. მასთან კი „ბეემვეს“ წარმოების 6–საფეხურიანი სეკვენტალური ტრანსმისია დააკავშირეს.
მერე რა, ოთხი ბორბალი ხომ „ფერარის“ ავტომობილებსაც აქვთ, კვადროციკლი რა შუაშიაო, ისევ იკითხავთ... მაგრამ ფოტოებს შეხედეთ და ეს კითხვაც თავისთავად პასუხგაცემული იქნება. სხვა თუ არაფერი, ეს უცნაური მანქანა მოტოციკლის საჭით იმართება. მოკლედ, „ვაზუმა V8F“ (კვადროციკლს ასე მოიხსენიებენ) ნახევრად ავტომობილი და ნახევრად მოტოციკლია, უფრო კონკრეტულად კი კვადროციკლი.
ამ მანქანისთვის საკიდარი სპეციალურად კომპანია EMC–ს დაამზადებინეს. მისი თავისებურება ისაა, რომ ოთხივე ამორტიზატორი ჰორიზონტალურადაა განლაგებული. ჰო, კიდევ, უკანა ბორბლები მაქსიმალურადაა დაახლოებული. ბორბლები „მომოს“ წარმოებისაა, მათი დიამეტრი კი 18 დუიმია. მათზე 285/30 (წინ) და 315/30 (უკან) ზომის საბურავებია მორგებული, ბორბლებში კი „ბრემბოს“ სამუხრუჭე მექანიზმები მოათავსეს, რომლებიც 324–მილიმეტრიან დისკოებს ეყრდნობა.
როგორი დინამიკური მახასიათებლები აქვს ამ 650–კილოგრამიან კვადროციკლს, ამაზე მისი შემქმნელები არაფერს ამბობენ. სამაგიეროდ, თავიანთ შედევრს 200 000 ევროდ აფასებენ...
No comments:
Post a Comment