Students Design an All-Electric Lincoln Continental for 2025
22 იანვარი
დეტროიტის მოტორ შოუზე, „ფორდმა“ თავის პრემიუმ ბრენდ „ლინკოლნის“ დიზაინის ახალი ენა გაგვაცნო. გამოფენაზე წარმოდგენილი საშუალო ზომის სედანი MKZ ალბათ მალე დაიკავებს ადგილს დირბორნული კომპანიის შოურუმებში. მაგრამ „ფორდი“ ერთადერთი როდია, ვისმა სპეციალისტებმაც „ლინკოლნის“ მომავალი დაგვანახა.
ამ საკითხზე საკუთარი ხედვა ჰქონიათ ლოურენსის ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებმაც 2025 სამოდელო წლის კონცეპტუალური ელექტრომობილი „ლინკოლნ კონტინენტალი“ შეიმუშავეს და მისი 1:4 მასშტაბის მაკეტიც დაამზადეს. და მათი ნამუშევარიც, დეტროიტული გამოფენის ერთ–ერთი ექსპონატი გახდა.
პროექტის ავტორები არიან ლოურენსის ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები კოლინ ბონათანი და ჯეჰო ჩა. რა თქმა უნდა, ამ პროექტზე მუშაობა „ფორდს“ მიერ იყო ნებადართული. უფრო მეტიც, ამერიკული კომპანიის სპეციალისტებს პროექტი იმდენად მოეწონათ, რომ მასშტაბური მოდელი დეტროიტის მოტორ შოუზე, თავიანთ პავილიონში გამოფინეს.
ბონათანმა ავტომობილის ექსტერიერი შეიმუშავა. ის ამბობს, რომ პირველ რიგში, ბორბლებს შორის ბაზის სიგრძე აირჩია, შემდეგ მათ შორის მგზავრები განალაგა, ელექტრულ ამძრავ სისტემას და კვების წყაროსაც ადგილი მიუჩინა და მხოლოდ ამის შემდეგ გააგრძელა დიზაინზე მუშაობა.
ჩამ კი ინტერიერის შემუშავება ითავა. როგორც მოგვიანებით განაცხადა, მან პირველად მოკიდა ხელი ინტერიერის დიზაინს და იმდენად კმაყოფილი დარჩა, რომ ამ მიმართულებით მუშაობას კვლავაც აპირებს. სავარაუდოდ, ორივე სტუდენტს მომავალში „ფორდი“ თავის სტილის სტუდიაში მიიწვევს.
No comments:
Post a Comment