Mercedes aims to sell 2.7 million cars globally by 2020
22 იანვარი
დეტროიტის მოტორ შოუზე, „დაიმლერის“ მთავარმა აღმასრულებელმა დიტერ ცეტშემ განაცხადა, რომ მისი სურვილია, „მერსედეს–ბენცი“ პრემიუმ კლასის მწარმოებლებს შორის, მსოფლიო ლიდერი გახდეს. კერძოდ, 2020 წელს შტუტგარტელები გაყიდვების 2.7 მილიონამდე გაზრდას გეგმავენ.
პრემიუმ სეგმენტში პირველობისთვის, „დაიმლერს“ სერიოზული მეტოქეები ჰყავს „ბეემვეს“ და „აუდის“ სახით. სამქიმიანებმა შარშან 1.36 მილიონი ავტომობილი გაჰყიდეს, დაახლოებით 300 ათასით ნაკლები, ვიდრე ბავარიელებმა. აქედან 1.26 მილიონი უშუალოდ „მერსედესის“ მარკით გაიყიდა, დანარჩენი კი – „სმარტის“. შედარებისთვის, „ბეემვემ“ საკუთარი მარკით „მერსედსზე“ 120 ათასით მეტი ავტომობილის რეალიზება შეძლო, დანარჩენი კი „მინისა“ და „როლს როისზე“ მოდის.
დასახული მიზნის მისაღწევად, „მერსედესმა“ წარმოება უნდა გააორმაგოს. ამასთან, ცეტშე გეგმავს, რომ მისმა კომპანიამ მოგების მარჟა 10 პროცენტამდე გაზარდოს. გერმანულ გამოცემა „მენეჯერ მეგზინის“ ინფორმაციით, „დაიმლერი“ ახალ ქარხნებს ააშენებს ჩინეთში და ჩრდილოეთ ამერიკაში. ოღონდ, ამერიკული ქარხანა შეერთებულ შტატებში აშენდება, თუ მექსიკაში, ეს ჯერ გადაწყვეტილი არაა.
სამაგიეროდ ცნობილია, რომ ეს ქარხანა 2018 წელს ამოქმედდება და იქ შემდეგი თაობის A–კლასს გამოუშვებენ. ამასთან, ამავე ქარხანას „ნისანი“ საკუთარი ავტომობილების წარმოებისთვისაც გამოიყენებს. ცნობისათვის, „რენო–ნისანი“ და „დაიმლერი“ სუბკომპაქტურ კლასში საერთო პლატფორმას გამოიყენებენ, რომელზეც გერმანული კომპანია A–კლასს დაამყნობს, „რენო“ – ახალ „ტვინგოს“, „ნისანი“ კი – „მიკრას“.
გარდა ამისა, „დაიმლერი“ 2 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავს თავის ტუსკალუზას (შტატი ალაბამა) ქარხანაში, სადაც C–კლასის, შემდეგი თაობის R–კლასის და ასევე შემდეგი თაობის G–კლასის ავტომობილებს გამოუშვებს. ამასთან, C–კლასის სედანებს „ნისანის“ დეშერდის (შტატი ტენესი) ქარხანაში წარმოებულ, ბენზინის 4–ცილინდრიანი ძრავებით აღჭურვავენ, რომელსაც ასევე „ინფინიტიც“ გამოიყენებს.
No comments:
Post a Comment