Sebastien Loeb claims sixth Monte Carlo Rally victory
22 იანვარი
როგორც მოსალოდნელი იყო, სებასტიან ლოებმა მეექვსედ მოიგო მონტე კარლოს რალი და ასე დაიწყო კამპანია, რომლის მიზანიც, მსოფლიო ჩემპიონის მეცხრე ტიტულის მოპოვებაა.
არადა, რბოლის პირველ დღეს ისე ჩანდა, რომ ფრანგს დაძაბული ბრძოლა ექნებოდა ფინელ იარი–მატი ლატვალასთან, რომელმაც ასპარეზობა შესანიშნავად დაიწყო. ამაში მას ხელი საბურავების სწორად შერჩევამ შეუწყო, რასაც ცვალებად ამინდში განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა.
ლატვალას უპირატესობამ მალე ნახევარ წუთს მიაღწია, მაგრამ დღის ბოლო სპეცმონაკვეთზე მან შეცდომა დაუშვა და რბოლა ავარიით დაასრულა. ამის შემდეგ, ლოებმა სოლიდური უპირატესობა მიიღო და ის ხელიდან აღარც გაუშვია. კვირის სუპერსპეცმონაკვეთზეც ის ყველაზე სწრაფი იყო, რისთვისაც დამატებით საბონუსო 3 ქულა დაიმსახურა და საბოლოო ჯამში, ჩემპიონატის კლასიფიკაციაში 28 ქულა ჩაიწერა.
დამაჯერებლად იასპარეზა დანიელ სორდომ, ვისაც პირველივე დღეს, საკიდარი დაუზიანდა. მაგრამ ამის მიუხედავად, ესპანელმა შეძლო მეორე ადგილზე გადასვლა. პირველი ორი დღის განმავლობაში, მას მეორე ადგილს პეტერ სოლბერგი ეცილებოდა, მაგრამ ნორვეგიელმა ბოლომდე ტემპი ვერ შეინარჩუნა და საბოლოოდ, მესამე ადგილს დასჯერდა. სხვათა შორის, სოლბერგს საქმე მეორე დღეს აერია, როცა საბურავები არასწორად შეარჩია.
მეოთხე ადგილი კი მიკო ჰირვონენმა დაიკავა, რომელმაც რბოლა უხეიროდ კი დაიწყო, მაგრამ შემდეგ, რამდენიმე სპეცმონაკვეთზე უსწრაფესი იყო და ისე ჩანდა, რომ სოლბერგს პრობლემებს შეუქმნიდა. თუმცა, მეოთხე დღის ღამის სპეცმონაკვეთზე შეცდომა დაუშვა და საბოლოოდ, „სიტროენში“ თავისი სადებიუტო რბოლა, კვარცხლბეკს მიღმა დაასრულა.
„ყოველთვის კარგია, როცა სეზონს გამარჯვებით იწყებ. პირველივე ეტაპზე მაქსიმალური ქულები ავიღე. საერთოდ, მონტე კარლო ჩემი ფავორიტი რბოლაა. რა იქნება სხვა რბოლებში, ამას მომავალი გვიჩვენებს“, – ნარბოლევს განაცხადა ლოებმა.მონტე კარლოს რალი. საბოლოო შედეგები
1. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, სიტროენი) 4:32:39.900
2. დანიელ სორდო (ესპანეთი, მინი) +02:45.500
3. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, ფორდი) 03:14.100
4. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, სიტროენი) 04:06.800
5. ევგენი ნოვიკოვი (რუსეთი, ფორდი) 06:03.400
6. ფრანსუა დელკური (საფრანგეთი, ფორდი) 07:47.900
7. პიერ კამპანა (საფრანგეთი, მინი) 08:31.400
8. ოტ ტაენაკი (ესტონეთი, ფორდი) 10:34.600
9. მარტინ პროკოპი (ჩეხეთი, ფორდი) 16:10.700
10. არმინდო არაუჟო (პორტუგალია, მინი) 16:16.600
No comments:
Post a Comment