Lotus reveals its 2012 Formula 1 car, the E20
5 თებერვალი
„ლოტუსი“ მეხუთე გუნდია, რომელმაც ახალი სეზონისთვის მომზადებული მანქანა წარმოადგინა. პრეზენტაცია საკუთარ ბაზაზე, ენსტოუნში, ინტერნეტით გადაიცა. მანქანის წარდგენას კი მხოლოდ საჯინიბოს თანამშრომლები და სპონსორები დაესწრნენ.
პრეზენტაციაზე, გუნდის თანამფლობელმა ჟერარ ლოპესმა განაცხადა, რომ ამ სეზონში, მიზანი კონსტრუქტორთა პირველობაზე მეოთხე ადგილის დაკავებაა. შეგახსენებთ, რომ გასული სეზონი, „რენოს“ სახელით მოასპარეზე გუნდმა მეხუთე ადგილზე დაასრულა. მის წინ, „რედ ბულის“ და „მაკლარენის“ გარდა, „ფერარი“ და „მერსედესიც“ გავიდა. ლოპესი ამბობს, რომ ამ ოთხეულიდან ერთ–ერთის დამარცხება სრულიად რეალურია.„ვიმედოვნებთ, რომ მანქანა ამის საშუალებას მოგვცემს. კარგი პილოტები გვყავს, რომელთაგან ერთი მსოფლიოს ექს ჩემპიონია. ჩვენ მეოთხე ადგილისთვის ბრძოლას ვაპირებთ და ეს მიზანი სრულიად მიღწევადია“, – განაცხადა ლოპესმა.
„ლოტუსის“ მთავარი არგუმენტი კიმი რაიკონენია, რომელმაც ფორმულა ერთი 2009 წელს დატოვა მას შემდეგ, რაც „ფერარიმ“ მის ადგილზე მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ფერნანდო ალონსო მიიწვია. ფინელ მრბოლს 18 რბოლა აქვს მოგებული, მსოფლიოს ჩემპიონი კი 2007 წელს გხდა „ფერარის“ მანქანით. მისი დაბრუნების შემდეგ, ფ1–ში მსოფლიოს 6 ჩემპიონმა მოიყარა თავი. რაც შეეხება მეორე მრბოლს, ეს ფრანგი რომენ გროჟანია, რომელმაც „რენოს“ ბოლიდით 2009 წელს ექვს რბოლაში მიიღო მონაწილეობა, თუმცა ქულის აღება ვერ მოახერხა. სამაგიეროდ, გასულ სეზონში, სერია გრანპრი2–ის ჩემპიონი გახდა.
„ბედნიერი ვარ, რომ დავბრუნდი. იჯმისგან განსხვავებული გარემო დამხვდა, ვიდრე მაშინ, როცა სხვა გუნდში ვიყავი. რეგლამენტიც განსხვავებულია. საერთოდ, ზოგს უჭირს ახალ გარემოსთან შეგუება (შუმახერს გულისხმობს). ბევრი რამ მანქანაზეა დამოკიდებული. როცა კარგი მანქანით ასპარეზობ, საქმეც გიადვილდება. პირველმა ტესტებმა კმაყოფილი დამტოვა და ახლა ოფიციალურ ტესტებს ველოდები“, – განაცხადა რაიკონენმა.
მანქანას E20 უწოდეს. სახელში E ენსტოუნის ბაზას აღნიშნავს, 20 კი იმ მანქანების რაოდენობას, რომლებიც ამ ბაზაზე შეიქმნა. შეგახსენებთ, რომ პირველად ენსტოუნში „ტოულმენი“ იყო ბაზირებული, გუნდი, რომლის მანქანითაც, 1984 წელს ფ1–ში აირტონ სენას დებიუტი შედგა. შემდეგ „ტოულმენს“ სახელად „ბენტონი“ დაერქვა, რომელიც „რენომ“ და ახლა „ლოტუსმა“ შეცვალა. ამ სამიდან, „ბენეტონს“ (შუმახერთან ერთად) და „რენოს“ (ალონსოსთან ერთად) მსოფლიო ჩემპიონის ტიტულები ორ–ორჯერ აქვთ მოგებული. ამასთან, საჩემპიონო სეზონებში, გუნდებს ფლავიო ბრიატორე ხელმძღვანელობდა.
ისევე როგორც „კატერჰემის“, „ფერარის“ და „ფორს ინდიას“ მანქანებს, „ლოტუსE20–საც“ კეხიანი ცხვირი აქვს. თუმცა, ეს კეხი არც ისე მკვეთრია, როგორც „კატერჰემის“ და „ფერარის“ შემთხვევებში. გუნდს ორი ახალი სპონსორიც ჰყავს კორპორაცია „იუნილევერის“ ჯგუფში შემავალი „რექსონასა“ და „ქლეარის“ სახით.
No comments:
Post a Comment