GM and PSA Peugeot-Citroen Officially Form an Alliance, Fiat Still Wants In
29 თებერვალი
დენ აკერსონი (მარცხნივ) და ფილიპ ვარენი |
სულ რამდენიმე დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ინტერნეტში გაჩნდა ცნობები „ჯენერალ მოტორსსა“ და „PSA პეჟო-სიტროენს“ შორის ალიანსის შექმნის თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებათა თაობაზე. და აი, კომპანიებმა უკვე გამოაცხადეს, რომ შეთანხმებას მიაღწიეს და ალიანსი შექმნილია! ამიერიდან, ახალ ავტომობილებს ისინი ერთობლივად შეიმუშავებენ და ასე, ევროპისა და სხვა რეგიონების ბაზრებზე, საკუთარი პროდუქციის კონკურენტუნარიანობას გაზრდიან.
მსოფლიოს ედიდეს საავტომობილო კომპანიასა და ევროპის მეორე უდიდეს საავტომობილო ჯგუფს შორის თანამშრომლობა ორ ძირიტად თემას მოიცავს: პირველია პლატფორმების, ძრავებისა და მოდულების გაზიარება. მეორე კი, 125 მილიარდი დოლარის ღირებულების მაკომპლექტებელი ნაწილებისა და სერვისების ერთობლივად შეძენა.
გარიგების საფუძველზე, „ჯენერალ მოტორსი“ ფრანგული ჯგუფის აქციების 7 პროცენტს შეიძენს, რაც მას „PSA პეჟო-სიტროენის“ მეორე უდიდეს აქციონერად გადააქცევს. ცნობისათვის, ფრანგული ჯგუფის უდიდესი აქციონერი პეჟოს ოჯახია.
„ორივე კომპანიისთვის პარტნიორობა უზარმაზარ შესაძლებლობებს ქმნის. ამ ალიანსს ჩვენთვის უზარმაზარი მოგების მოტანა შეუძლია ევროპის ბაზარზე, სადაც ჩვენი საქმიანობა დიდი ხანია, კრიზისულია. იმავდროულად, ჩვენ ერთმანეთისგან დამოუკიდებელი პროექტებიც გვექნება“, - განაცხადა „ჯენრალ მოტორსის“ მთავარმა აღმასრულებელმა დენ აკერსონმა. „PSA პეჟო-სიტროენის“ მმართველი საბჭოს თავმჯდომარე ფილიპ ვარენის თქმით, შექმნილ ალიანსს ორივე მხარისთვის განვითარების უდიდესი მნიშვნელობა ექნება.
გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პირველი ორი წლის განმავლობაში, მხარეები მნიშვნელოვან ხეირს არ ელიან. სამაგიეროდ, თანამშრომლობა ხუთ წელიწადში 2 მილიარდი დოლარის დაზოგვის საშუალებას მისცემს. პირველი მოდელები, რომლებსაც ისინი ერთობლივად შეიმუშავებენ, პატარა და საშუალო ზომის ავტომობილები, ასევე მინივენები ქროსოვერები იქნება. ყველა ავტომობილს საერთო პლატფორმებზე ააგებენ და მცირე გამონაბოლქვის მქონე ძრავებით აღჭურვავენ. მათი პირველი ერთობლივი ავტომობილი ბაზარზე 2016 წელს გამოვა.
სხვათა შორის, დეტროიტის მოტორ შოუს დღეებში, ორივე კომპანიასთან ალიანსის შექმნის თაობაზე მოლაპარაკება „ფიატ-კრაისლერის“ მთავარ აღმასრულებელ სერჯო მარკიონესაც ჰქონდა. მართალია, იქ მან მიზანს ვერ მიაღწია, თუმცა იტალიური წარმოშობის კანადელი იმედს არ კარგავს, რომ ფრანგულ ჯგუფს პარტნიორობაზე მაინც დაითანხმებს.
დაბოლოს, ისევ ახალი ალიანსის შესახებ: მისი მეშვეობით, ამერიკული გიგანტი იმედოვნებს, რომ გაჭიანურებული კრიზისიდან „ოპელის“ გამოყვანას შეძლებს. ფრანგული ჯგუფის მიზანს კი წარმოების მოცულობის გაზრდა და ახალ ბაზრებზე გასვლაა.
No comments:
Post a Comment