Wednesday, February 29, 2012

გაიცანით: „F12 ბერლინეტა“ - ყველაზე მძლავრი და სწრაფი „ფერარი“ (ვიდეო)

New F12berlinetta is the Most Powerful and Fastest Ferrari Ever
29 თებერვალი
მარანელოში საბურველი ჩამოხსნეს ავტომობილს, რომელიც წარმატებულ „ფერარი 599 GTB ფიორანოს“ შეცვლის და კონკურენციას „ლამბორგინი ავენტადორ LP700-4-ს“ გაუწევს. ყველა ელოდა, რომ „ფერარის“ ახალ ავტომობილს F620 GT-ს დაარქმევდნენ, მაგრამ მარანელოში სხვაგვარად გადაწყვიტეს და ის „F12 ბერლინეტას“ სახელით გაგვაცნეს.
ამ ავტომობილს დებიუტამდე კარგა ხნით ადრე უწოდეს ყველა დროის ყველაზე მძლავრი და სწრაფი საგზაო „ფერარი“. რატომ?: ის აღჭურვილია 6.3-ლიტრიანი ატმოსფერული V12 ძრავით, რომელიც 730 ცხენის ძალას (116 ცხ.ძ ყოველ ლიტრზე) და 690 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. ამასთან, მაბრუნი მომენტის 80 პროცენტს 2500 ბრ/წთ-ზე ავითარებს (ბრუნთა მაქსიმალური რიცხვი 8700 ბრ/წთ-ია.
12-ცილინდრიანი ძრავი წინაა განლაგებული, ის კი მამოძრავებელი ძალით უკანა ბორბლებს ამარაგებს. ძრავთან ფორმულა ერთის ტიპის გადაცემათა კოლოფი ორდისკოიანი ქუროთია დაკავშირებული. კოლოფს გადაცემების რიცხვები დაახლოებული აქვს, რაც ავტომობილს სწრაფად აჩქარების საშუალებას აძლევს.
„ფერარის“ ინფორმაციით, „F12 ბერლინეტას“ ადგილიდან 100 კმ/სთ-ის აკრეფა 3.1 წამში შეუძლია, 0-200 კმ/სთ-ს კი 8.5 წამში ავითარებს. მაქსიმალური სიჩქარე „მხოლოდ“ 340 კმ/სთ-ია. მაშ, რატომღაა ის ყველა დროის უსწრაფესი „ფერარი“. რატომ და იმიტომ, რომ იტალიური კომპანიის კუთვნილი ფიორანოს ტრასის ერთი წრე წუთსა და 23 წამში აქვს გავლილი, ამაზე უკეთეს დროში კი ეს წრე არცერთ სხვა საგზაო „ფერარის“ არ გაუვლია.
„F12 ბერლინეტას“ 118 ცხენის ძალით მეტი სიმძლავრე აქვს, ვიდრე „599 GTB ფიორანოს“, თუმცა მარანელოელები ირწმუნებიან, რომ მათი ახალი სუპერ ავტომობილი, თავის წინამორბედზე 30 პროცენტით ეკონომიურია და ყოველი კილომეტრის გავლისას, ატმოსფეროში 350 გრამ ნახშირორჟანგს გამოჰყოფს (599 GTB ფიორანოს გამონაბოლქვში 450 გრამია).
„F12 ბერლინეტას“ გაბარიტებია: სიგრძე 4618 მმ, სიგანე 1942 მმ და სიმაღლე 1273 მილიმეტრი. ამგვარად, ის წინამორბედზე 47 მილიმეტრით მოკლე, 119 მილიმეტრით ვიწრო და 63 მილიმეტრით დაბალია. ამასთან, მარანელოელები გვამცნობენ, რომ ახალ ავტომობილს ბაზაც უფრო მოკლე აქვს, თუმცა ამ პარამეტრს არ აკონკრეტებენ. „ფერარი“ აცხადებს, რომ უკანა საკიდარისა და გადაცემათა კოლოფის განლაგების შეცვლის წყალობით, მანქანის უკანა ნაწილი კომპაქტური გამოვიდა.
შასისა და ძარის სტრუქტურის შემუშავებაში, „ფერარის“ პარტნიორობას კომპანია „სკალიეტი“ უწევდა. ორივე კომპონენტის დამზადებისას, სულ ალუმინის 12 შენადნობი გამოიყენეს. ამან კი ინჟინრებს ავტომობილის წონის 70 კილოგრამით (1525 კგ-მდე) შემცირების (წინამორბედთან შედარებით) საშუალება მისცა. არადა, გამოქვეყნებულ რელიზში ხაზგასმულია, რომ ავტომობილის სტრუქტურული სიმტკიცე 20 პროცენტითაა გაზრდილი. ავტომობილის წონა წინა და უკანა ღერძებს შორის, 46:54 პროპორციითაა განაწილებული.
„F12 ბერლინეტა“ უხვადაა აღჭურვილი სხვადასხვა ელექტრონული დამხმარე სისტემით. ესაა საკიდარის მაკონტროლებელი ელექტრომაგნიტური სისტემა, სტაბილურობის ელექტრონული კონტროლი, ტრექშნ კონტროლი (ფ1-დან), ბლოკირების საწინააღმდეგო სისტემა. გარდა ამისა, ავტომობილის დამუხრუჭებას უახლესი თაობის კარბონ-კერამიკული მუხრუჭები უზრუნველყოფს.
„F12 ბერლინეტას“ დიზაინი „ფერარიმ“ თავის ძველ პარტნიორთან, ატელიე „პინინფარინასთან“ ერთად შეიმუშავა. რა თქმა უნდა, ავტომობილმა ტესტები აეროდინამიკურ მილში გაიარა. შედეგად, მისი აეროდინამიკური დატვირთვა 76 პროცენტითაა გაზრდილი. აეროდინამიკური წინააღმდეგობის კოეფიციენტი კი მხოლოდ 0.299-ია, რაც ამ ტიპის ავტომობილისთვის შესანიშნავი მაჩვენებელია. მისი მიღწევა შესაძლებელი აქტიური აეროდინამიკური ელემენტების გამოყენების წყალობით გახდა. მაგალითად, მუხრუჭების გაგრილების ჰაერისამღებს სარქველები აქვს, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში, ჰაერსადინარს კეტავენ. კაპოტსა და წინა ბორბლის თაღებს კი ეგრეთ წოდებული „აერო ხიდი“ აკავშირებს, რომლის დანიშნულებაც, ჰაერის ნაკადისთვის სასურველი მიმართულების მიცემაა.
რაც შეეხება ინტერიერს, „ფერარი“ გვამცნობს, რომ სალონი იმგვარადაა ოპტიმიზებული, რომ მისი სივრცის მაქსიმალურად გამოყენება ყოფილიყო შესაძლებელი. ამან კი დიზაინერებს სავარძლების უკან დამატებითი საბარგულების მოთავსების საშუალება მისცა.
„F12 ბერლინეტას“ მსოფლიო პრემიერა ჟენევის მოტორ შოუზე შედგება, თუმცა მისი გაყიდვები მხოლოდ წლის ბოლოს დაიწყება.


ვიდეო





No comments:

Post a Comment