Tesla Unveils New Model X CUV with Falcon Wings and Seating for Seven
12 თებერვალი
ელექტრომობილების მწარმოებელმა ამერიკულმა კომპანია „ტესლამ“ ახალი ავტომობილი - ქროსოვერი „მოდელ X“ შეიმუშავა, რომელსაც ეგრეთ წოდბული „მიმინოს ფრთისებრი“ კარები აქვს და რომელსაც შვიდი ადამიანის გადაყვანა შეუძლია. „ტესლას“ რელიზში აღნიშნულია, რომ ამ ავტომობილში, ქროსოვერისა და მინივენის თვისებებია შერწყმული.
ტერმინი „მიმინოს ფრთები“ საავტომობილო ინდუსტრიაში შედარებითი სიახლეა. აქამდე მას მხოლოდ სპორტულ და სარბოლ ავტომობილებზე თუ შეხვდებოდით. სწორედ ასეთ სტილშია შესრულებული „მოდელ X-ის“ ორივე უკანა კარი. მათ საყრდენები სახურავის ცენტრალურ ნაწილში აქვთ და ქვევიდან ზევით იხსნებიან. ამგვარად, სალონში შესვლისას, მოხრაც კი არაა საჭირო. რაც მთავარი, გადატვირთულ პარკინგზე, მანქანიდან გადმოსასვლელად, ზედმეტი ადგილი საჭირო აღარაა. ამგვარად, ავტომობილს, რომლის სიგრძეც 4976 მილიმეტრია, პარკირებისას თითქმის თავისი გაბარიტების ადგილი ჰყოფნის.
სალონში შვიდი მგზავრის განსათავსებლად, მასში სავარძლების ორი უკანა რიგი ჩადგეს. ავტომობილს ორი საბარგულიც აქვს. ერთი უკან და ერთიც - წინ. ცენტრალურ კონსოლზე 17-დუიმიანი სენსორული მონიტორი განალაგეს, რომელზეც ყველანაირი ინფორმაციის გამოტანა შეიძლება. მისი მეშვეობით, ინტერიერის ყველა ფუნქციას გააკონტროლებთ და მართავთ.
საბაზო „მოდელ X-ის“ კომპლექტაციაში, მყიდველის სურვილის შესაბამისად, ელემენტების 60, ან 85-კილოვატსაათიანი ბლოკი შევა. წამყვანი უკანა ბორბლებია, თუმცა სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია სრულამძრავიანი ვერსიის შეკვეთა. ასეთ ვერსიაზე მეორე ძრავიც იდგმება, რაც ავტომობილის მაბრუნ მომენტს 50 პროცენტით ზრდის. ამ შემთხვევაში, ძრავებს ენერგიით უფრო მოზრდილი აკუმულატორი ამარაგებს. დაბოლოს, „მოდელ X-ს“ ადგილიდან ასამდე აჩქარება 5 წამზე ნაკლებში შეუძლია.
„მოდელ X-ის“ წარმოება 2013 წელს უნდა დაიწყოს, მასზე შეკვეთების მიღებას კი „ტესლა“ 2014 წლიდან შეუდგება. რაც შეეხება ფასს, ავტომობილის საბაზო ვერსია (60-კილოვატსაათიანი აკუმულატორით) 67 400 დოლარი ეღირება, სრულამძრავიანი კი - 77 400 დოლარი. ამ ფასებს კი ფედერალური შეღავათი (7 500 დოლარი) დააკლდება.
No comments:
Post a Comment