Alonso forced to accept new car is not competitive
24 მარტი
მალაიზიის დიდი პრიზის კვალიფიკაციაზე ჩაფლავების შემდეგ, „ფერარიმ“ აღიარა, რომ მისი ახალი მანქანა არაკონკურენტუნარიანია. ფერნანდო ალონსო და ფელიპე მასა რბოლას მე-8 და მე-12 პოზიციებიდან დაიწყებენ, რაც იტალიური საჯინიბოსთვის კატასტროფული შედეგია.
„რა თქმა უნდა, ძალიან რთულ პირობებში გვიწევს ასპარეზობა, მაგრამ მთავარი ისაა, რომ არაკონკურენტუნარიანები ვართ. კვალიფიკაციის მესამე ნაწილში მხოლოდ ერთი წრე გავიარე, რადგან ვიცოდი, რომ წინ მყოფებთან კონკურენცია შეუძლებელი იყო. ასე რომ, მეცხრე შედეგსაც არაუშავს“, - ამბობს ალონსო, ვინც კიმი რაიკონენის ხუთადგილიანი ჯარიმით იხეირებს და სტარტზე მერვე პოზიციაზე დადგება.
მასას (ფოტოზე) მალაიზიისთვის ახალი შასი ჩაუტანეს და მან ოდნავ უკეთ იასპარეზა, ვიდრე მელბურნში. თანაც, დროის მიხედვით, ალონსოსთან ახლოსაა. თუმცა ათეულში მაინც ვერ მოხვდა... „ვფიქრობ, უკეთესად ვიასპარეზე და ეს უკვე წინსვლაა“, - ამბობს ბრაზილიელი, რომელმაც მელბურნის რბოლაში ბევრი იწვალა და ბოლოს ფინიშსაც ვერ მიაღწია.
ავსტრალიურ ეტაპთან შედარებით, ის კმაყოფილია და იმედი აქვს, რომ რბოლაში კიდვ უფრო წინ წაწევას შეძლებს. ეს სეზონი მასასთვის გადამწყვეტია - თუ „ფერარის“ ხელმძღვანელობას კარგი შედეგებით თავს ვერ მოაწონებს, სხვა გუნდის ძებნა მოუწევს.
მას შემდეგ, რაც 2009 წლის ავარია შეემთხვა და ბეწვზე გადარჩა, მასამ ფ1-ში დაბრუნება კი შეძლო, მაგრამ ორი უფერული სეზონი ჩაატარა და მესამეს აღარავინ აპატიებს. მთავარი ისაა, რომ ის ალონსოს მცირე კონკურენციასაც კი ვერ უწევს. ეს კი მარანელოში აშკარად არ აწყობთ. მართალია, ისინი ხშირად იმეორებენ, რომ ბრაზილიელის შესაძლებლობებში ეჭვი არ ეპარებათ, თუმცა მალე მათი მოთმინება ამოიწურება.
მასა კი დარწმუნებულია, რომ მალე ალონსოს დონეზე ასპარეზობას შეძლებს: „შემდეგი რბოლისთვის რამდენიმე სიახლე გვექნება. ვფიქრობ, სწორი მიმართულებით ვვითარდებით. ეს კი იმის იმედს გვაძლევს, რომ მალე ჩვენ ისევ მოწინავეთა შორის გვიხილავთ“.
No comments:
Post a Comment