Lewis Hamilton dismisses suggestions off-track issues are affecting him again
22 მარტი
ავსტრალიაში კვარცხლბეკზე ასული ლუის ჰამილტონი აშკარად გაწბილებული იყო თავისი მესამე ადგილით. მისი სახის გამომეტყველებიდან გამომდინარე, ბევრმა ჩათვალა, რომ ის ჯერაც ვერ ახერხებს თავის ემოციებთან გამკლავებას, რამაც გასულ სეზონში ბევრი პრობლემა შეუქმნა. ბევრი მიმომხილველის, მათ შორის დევიდ კულტჰარდის აზრით, ყოველივე იმის ნიშანია, რომ „მაკლარენში“ ახლა უპირატესობას ჯენსონ ბატონი ფლობს.
მაგრამ ამ მოსაზრებას თავად ჰამილტონი უარყოფს და ამბობს, რომ მისი უხასიათობა მხოლოდ იმის შედეგი იყო, რომ პოულის გამარჯვებად გარდაქმნა ვერ მოახერხა. „სეზონისთვის თავდაუზოგავად ვემზადებოდი. ასე ადრე არასდროს გავრჯილვარ. მაგრამ რბოლის შედეგი ისეთი ვერ იყო, როგორსაც ვისურვებდი. ვფიქრობ, გაწბილების მიზეზი მქონდა. რატომ უნდა დამეფარა ჩემი ეს განწყობა“, - ამბობს მსოფლიოს 2008 წლის ჩემპიონი.
ჰამილტონის თქმით, წარუმატებლობა რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. მათ შორის, გადაბმის ქუროში სტარტზე წარმოქმნილი მცირე უწესივრობამ, რამაც დასაწყისშივე დააკარგვინა ლიდერობა. ასევე არასწორად დარეგულირებულმა მანქანამაც, რაც ნაწილობრივ მისივე მიზეზით მოხდა.
„ეს რბოლა პოულიდან დავიწყე, მაგრამ ორმა თუ სამმა გარემოებამ, რბოლა გამიფუჭა, მე კი რაიმეს შეცვლა აღარ შემეძლო. ვგრძნობ, რომ საკმაოდ კარგად ვიასპარეზე, მაგრამ მანქანა არასწორად იყო მომართული და რბოლისას რაიმეს შეცვლა შეუძლებელი იყო. მაგრამ მალაიზიაში ამას გამოვასწორებ და იმედია, პრობლემა აღარ შემექმნება“, - დასძენს ჰამილტონი.
მისი თქმით, სწრაფ მოსახვევებში, მანქანა ჭარბი მოხვევადობისკენ მიდრეკილებას ავლენდა. მისი წინა ფრთა, ბატონის მანქანის იმავე ელემენტისგან განსხვავებულად იყო დარეგულირებული. და ეს თავად ჰამილტონის სურვილით მოხდა. ის აღიარებს, რომ ეს მცდარი გადაწყვეტილება იყო.
„კვალიფიკაციაზე მანქანა შესანიშნავი იყო და ვფიქრობდი, რომ რბოლაშიც ასევე იქნებოდა. მაგრამ რაღაც-რაღაცებმა ჩემს სასარგებლოდ არ იმუშავა. მაღალ სიჩქარეზე მანქანა ჭარბ მოხვევადობას ავლენდა. წინა ფრთა ჯენსონის წინა ფრთისგან განსხვავებულად იყო დარეგულირებული. ასე მე გადავწყვიტე და შევცდი. მაგრამ მალაიზიაში ასე აღარ მოხდება“, - დასძენს ჰამილტონი.
No comments:
Post a Comment