Frank Williams steps down from Williams board
2 მარტი
ბრიტანულ სარბოლ გუნდ „უილიამსის“ დამაარსებელი და თანამფლობელი, სერ ფრენკ უილიამსი თავისი გუნდის დირექტორთა საბჭოს ტოვებს, სადაც მის ადგილს მისივე შვილი კლერ უილიამსი დაიკავებს. ამის მიუხედავად, უილიამსი საჯინიბოს მფლობელად და უფროს მმართველად დარჩება.
თავისი გადაწყვეტილება უილიამსმა ასაკით ახსნა - მალე მას 70 წელი შეუსრულდება და როგორც თავად ამბობს, ადრე თუ გვიან, დადგება დრო, როცა ის მაინც შესაცვლელი გახდება. ამიტომ, გადაწყვიტა, რომ მმართველი პოზიციები თანდათან დათმოს.
„დადგა იმის დრო, რომ „უილიამსში“ ჩემს როლს გადავხედო. აპრილში 70 წელი შემისრულდება და ამიტომ გადავდგი ეს ნაბიჯი. ჩემი მიზანია, გუნდის მმართველობა თანდათან გადავაბარო ახალგაზრდა თაობას. ეს არც ისე დრამატული პროცესია, ვიდრე შეიძლება მოგეჩვენოთ. ჯერჯერობით კვლავაც გავაგრძელებ დირექტორთა საბჭოს სხდომების დასწრებას, ოღონდ ამას მხოლოდ დამკვირვებლის რანგში გავაკეთებ. რაც მთავარია, სარბოლი გუნდის ხელმძღვანელობას გავაგრძელებ. ამასთან, ჩემს ხელთვე დარჩება „უილიამსის“ აქციების საკონტროლო პაკეტი“, - ამბობს ფრენკ უილიამსი.
როგორც ცნობილია, გასული სეზონის ბოლოს, „უიულიამსი“ მისმა ერთ-ერთმა დამაარსებელმა, პატრიკ ჰედმა დატოვა. ამის მიზეზიც ასაკია. რაც შეეხება კლერ უილიამსს, ის მარკეტინგისა და კომუნიკაციების განყოფილების დირექტორი გახდება. ამ პოსტზე ის დომინიკ რილის შეცვლის. აღსანიშნავია, რომ ფრენკ უილიამსმა ორი წლის წინ, „უილიამსის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტი ადამ პარს დაუთმო.
„დასამალი არაფერა იმაში, რომ კლერი ჩემი შვილია. მე სიამაყით ვამბობ, მან თავისი შრომით მიაღწია იმას, რომ ეს პოსტი დაეკავებინა. ამასთან, მას დიდი ბრძოლა დასჭირდა იმისათვის, რომ მამამისი ამ გადაწყვეტილების სისწორეში დაერწმუნებინა“, - ამბობს უილიამსი.
კლერ უილიამსის შესაძლებლობებს მაღალ შეფასებას აძლევს ადამ პარი. მისი თქმით, კლერმა გუნდში ათი წელი გაატარა და ამ დროის განმავლობაში, თანდათან დაწინაურდა, რაც მის უნარზე მეტყველებს. სერ ფრენკი თავად პარსაც ქებით მოიხსენიებს და მას თავის შემცვლელად წარმოგვიდგენს.
No comments:
Post a Comment