Vettel hopes tyres will help him in Malaysia
24 მარტი
მალაიზიის დიდი პრიზის სასტარტო მწკრივის მოწინავე რიგს კვლავ დააკლდა „რედ ბულის“ მანქანა. გასულ სეზონში ასეთი რამ წარმოუდგენელი იყო. მაგრამ ისიც ხომ ძალიან იშვიათად ხდება, რომ ერთი გუნდი ჩემპიონატებში უცვლელად დომინირებს? რა თქმა უნდა, „რედ ბულის“ ჩამოწერას არავინ აპირებს. „წითელი ხარები“ ისევ საბრძოლო ფორმაში არიან, მაგრამ ტრასაზე ძველებურად ვეღარ დომინირებენ.
და რახან ასეა, მოხერხებული ტაქტიკის იმედზე არიან, რომელმაც მეტოქეთა უპირატესობის გაბათილების საშუალება შეიძლება მისცეს. და თუ ასეთი ტაქტიკის არჩევას მათ გაუთვალისწინებელი გარემოებაც აიძულებს...
ასეა სებასტიან ფეტელის შემთხვევაში, რომელმაც კვალიფიკაციის დასკვნით სექტორზე მყარი საბურავებით იასპარეზა. და მართალია, მეექვსე შედეგი აჩვენა, მაგრამ პოულთან ნახევარ წამზე ნაკლები წააგო. თანაც, სტარტზე მეხუთე დადგება, რადგან გადაცემათა კოლოფის შეცვლის გამო, ხუთი ადგილით უკან დაწევა მოუწევს კიმი რაიონენს. ფეტელი რბოლასაც მყარი რეზინით დაიწყებს და იმედოვნებს, რომ ბოქსებში გვიანი ვიზიტის წყალობით, პოზიციას გაიუმჯობესებს.
„მედიუმ რეზინით თავს არაკომფორტულად ვგრძნობდი. ამიტომ გადავწყვიტე, ჰარდზე გადავსულიყავი. იმედია, ეს რბოლაში უპირატესობას მომცემს“, - ამბობს 24 წლის გერმანელი, ვინც მელბურნის რბოლაც მე-6 ადგილიდან დაიწყო, თუმცა ფინიშთან მეორე მივიდა. შეგახსენებთ, რომ გასული სეზონის 19 რბოლაში, „რედ ბულის“ პილოტებმა სტარტი პოულიდან 18-ჯერ აიღეს.
ავსტრალიაში ფეტელმაც და მარკ უებერმაც რბოლა უკეთ ჩაატარეს, ვიდრე კვალიფიკაცია. მსოფლიოს ჩემპიონი ახლაც იმედოვნებს, რომ მოწინავეებს დაეწევა და იქნებ, ასპარეზობა კვარცხლბეკზეც დაასრულოს: „კვარცხლბეკზე ასასვლელად, სულ ცოტა, ორ მანქანას უნდა გავასწროთ. ჩვენი სარბოლო ტემპი გაცილებით უკეთესია, ვიდრე საკვალიფიკაციო. ნებისმიერ შემთხვევაში, ბრძოლას ვაპირებთ. აქ მეხუთე და მეექვსე ადგილებისთვის არ ვართ. რა თქმა უნდა, არც კვალიფიკაციაში ვაპირებდი მეექვსე ადგილის დაკავებას, მაგრამ ეს ჩემი მაქსიმუმი იყო. მაგრამ ახლა რბოლაზე ვფიქრობ და უკეთესისთვის ბრძოლას ვაპირებ“.
No comments:
Post a Comment